თბილისის მერის, კაცა კალაძის თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ციხეში გადაყვანის გადაწყვეტილებას შესაბამისი უწყება მიიღებს.
„ცხადია, მას არასდროს, არანაირი პრობლემა არ ჰქონდა. ეს იყო ჩვეულებრივი სპეკულაციები. უბრალოდ ის კამპანიას აწარმოებდა ქვეყნის წინააღმდეგ, თითქოს მას ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. თუკი რაიმე დაავადება არსებობს მსოფლიოში, ყველა ამ ადამიანს ჰქონდა თითქოს. ასე საუბრობდნენ და ამბობდნენ მისი მხარდამჭერები და ოჯახის წევრები. რეალურად, ეს ადამიანი იყო დიეტაზე. შესანიშნავ ფორმაშია, კარგად გამოიყურება. ალბათ, შესაბამისი უწყება მიიღებს გადაწყვეტილებას“, – განაცხადა კალაძემ.
კალაძე აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დაშლილია.
„ცხადია, გუნდი არ არსებობს ჩამოშლილია, დაშლილია. ხაბეიშვილი რომ გეყოლება თავმჯდომარედ, ყველაფერი ნათელია. ამიტომ არ ვიცი, თუ ვინ რა გადაწყვეტილებას მიიღებს, ვის რა თანამდებობა ექნება „ნაცმოძრაობაში“ მათი გადასაწყვეტია”, – განაცხადა კალაძემ.