ძლიერმა ქარმა და წყალდიდობამ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში პრობლემები შექმნა. ქარმა გადახადა სახურავი მრავალბინიან საცხოვრებელ სახლს მარტვილში, ასევე – რამდენიმე კერძო სახლს ჩხოროწყუსა და წალენჯიხაში. ქარმა სახურავი დაუზიანა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხის საჯარო სკოლასაც, სადაც სასწავლო პროცესი შეწყვეტილია. ძლიერი ქარის შედეგად, მოგლეჯილი ხეებისგან გზის სავალი ნაწილები წუხელვე გაიწმინდა. ელექტროენერგია არ მიეწოდება სოფლების ნაწილს და მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.
ანაკლიაში, მდინარე ენგური კალაპოტიდან გადმოვიდა და სანაპიროსთან მცხოვრები რამდენიმე ოჯახი დაიტბორა.
რაც შეეხება მესტიას: ჯვარი-მესტიის მიმართულებით, ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. წუხელვე, ზვავის შედეგად ჩაკეტილი 19 მოქალაქე ტერიტორიიდან გამოიყვანეს.
პრობლემურ ადგილებში არსებულ ვითარებას ადგილზე ეცნობიან სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია და რეგიონის მერები. რეგიონში ყველა მუნიციპალური სამსახური საგანგებო რეჟიმში მუშაობს.
წყარო: რუსთავი 2