შინაგან საქმეთა სამინისტრო საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და ორგანიზატორებს პროტესტის მშვიდობიანად გამოხატვისკენ და სამართალდამცავების მითითებების დამორჩილებისკენ მოუწოდებს.
აღნიშნულთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს, რომელშიც უწყება ვრცლად განმარტავს, თუ რის გამო არ მიეცათ აქციის მონაწილეებს გუშინ, 15 აპრილს საკანონმდებლო ორგანოსთვის წრის შემორტყმის საშუალება.
შსს-ს განცხადებით, გასული წლის 7-8 მარტს მიმდინარე აქციაზე გაკეთებულ მოწოდებებს, რომ აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობის მიმდებარედ განლაგებულიყვნენ, შედეგად პოლიციაზე თავდასხმები მოჰყვა, როგორც ბლაგვი საგნებით ასევე ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილის“ გამოყენებით.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, მეორე დღეა აქციის მშვიდ ვითარებაში ჩატარებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით, მობილიზებულნი არიან საქართველოს პარლამენტთან.
15 აპრილს, სამოქალაქო აქტივისტები და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები, დილის 10:00 საათიდან შეიკრიბნენ, ზურაბ ჟვანიას ქუჩაზე, პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელთან და მთელი დღის განმავლობაში მშვიდ ვითარებაში გამოხატავდნენ პროტესტს, ხოლო 19:00 საათიდან აქციის წევრებმა შეკრება დაიწყეს რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ. აქციის მონაწილეთა რაოდენობის გათვალისწინებით, ორგანიზატორებთან შეთანხმების შედეგად, პოლიციამ უზრუნველყო რუსთაველის ქუჩის გადაკეტვა, რათა შეკრება-მანიფესტაციის მონაწილეებს საშუალება ჰქონოდათ შეუზღუდავად გამოეხატათ საკუთარი პროტესტი.
როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, აქციის პარალელურად, საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარეობდა იურიდიული კომიტეტის სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ დეპუტატები, პარლამენტის აპარატის თანამშრომლები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები.
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ერთ-ერთმა გამომსვლელმა შეკრებილ მოქალაქეებს მოუწოდა პარლამენტის გარშემო მსვლელობის დაწყებისა და მის გარშემო განთავსებისკენ, მაშინ როდესაც შენობაში კვლავ მიმდინარეობდა სამუშაო პროცესი.
წინა წლების გამოცდილების გათვალისწინებით, პარლამენტის შენობის გამოსასვლელების შესაძლო ბლოკირების, ძალადობრივი ქმედებების პრევენციის და ადგილზე მართლწესრიგის დაცვის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ აქციის მონაწილეებს არ მისცემოდათ პარლამენტის შენობის გვერდითა შესასვლელებთან აქციის გაგრძელების საშუალება. შესაბამისად, ჭიჭინაძისა და ჩიტაძის ქუჩებზე, პარლამენტის შესასვლელებთან განთავსდა პოლიციის კორდონები. ამასთან, აქციის მონაწილეებს რუსთაველის გამზირზე ჰქონდათ საშუალება ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე გამოეხატათ საკუთარი პროტესტი.
საზოგადოებას შევახსენებთ, რომ გასული წლის 7-8 მარტს მიმდინარე შეკრება-მანიფესტაციაზე გაკეთებულ მსგავს მოწოდებებს, რომ აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობის მიმდებარედ განლაგებულიყვნენ, შედეგად მოჰყვა პოლიციაზე თავდასხმები, როგორც ბლაგვი საგნებით ასევე ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილის“ გამოყენებით.
ასევე, მიუხედავად იმისა, რომ 7-8 მარტს, პოლიციამ პარლამენტის შენობიდან დეპუტატებისა და აპარატის თანამშრომლების გამოსვლის შემდეგ, სრულად გაათავისუფლა საპოლიციო კორდონებისგან ტერიტორია, აქციის მონაწილეებმა სწორედ მაშინ დაიწყეს პარლამენტის შენობაზე შტურმი, ცეცხლი წაუკიდეს შენობას, დააზიანეს დამცავი ჯებირები და ცხაურები, ასევე შეეცადნენ პარლამენტის შენობაში შეჭრას. გარდა ამისა, დააზიანეს სამინისტროს კუთვნილი ავტომობილები და პოლიციის სპეციალური აღჭურვილობა.
საზოგადოებრივი წესრიგის მიზანმიმართული, მასობრივი დარღვევა რამდენიმე საათის განმავლობაში გრძელდებოდა. პოლიციამ, წესრიგის აღდგენის მიზნით, რამდენჯერმე გამოიყენა პროპორციული ძალა და სპეციალური საშუალებები.
აღნიშნული გამოცდილების გათვალისწინებით, 2024 წლის 15 აპრილს, პოლიციამ განახორციელა ყველა საჭირო პრევენციული ღონისძიება რათა ერთის მხრივ თავიდან აეცილებინა ძალადობა, მასობრივი დაპირისპირება და ამასთან, უზრუნველყო რუსთაველის გამზირზე შეკრებილი მოქალაქეებისთვის შეკრება-მანიფესტაციის უფლებით სარგებლობის საშუალება. მიუხედავად სამართალდამცველების არაერთი მოწოდებისა, აქციის მონაწილეებს მაინც ჰქონდათ მცდელობა გაერღვიათ საპოლიციო კორდონები, რა დროსაც პოლიციის მიერ ადმინისტრაციული წესით დაკავებულ იქნა 14 პირი.
აქციის მონაწილეთა მხრიდან ძალადობრივი ქმედებების დროს, დაზიანება მიიღო შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელმა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები კვლავ რჩებიან რუსთაველის გამზირზე.
სამართალდამცველები უზრუნველყოფენ ადგილზე მართლწესრიგის და როგორც საკანონმდებლო ორგანოს შენობაში მყოფი პირების, ასევე აქციის მონაწილეების უსაფრთხოების დაცვას. მოვუწოდებთ შეკრების ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ დაარღვიონ კანონი, მშვიდობიან ფორმებში გამოხატონ პროტესტი და დაემორჩილონ სამართალდამცველთა მითითებებს“, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.