მთავრობის მეთაურის თქმით, “ნაცმოძრაობა” 2008 წლის აგვისტოს დანაშაულისთვის ვითარებას ნაბიჯ-ნაბიჯ, 2005 წლიდან ამწიფებდა.
“რაც შეეხება “ნაცმოძრაობის” გასამართლებას, ეს არის მთლიანად უმრავლესობის, მმართველი ძალის საერთო პოზიცია. რა თქმა უნდა, “ნაცმოძრაობა” აუცილებლად უნდა გასამართლდეს სხვადასხვა დანაშაულისთვის და ეს არის მათ შორის, 2008 წლის აგვისტოს დანაშაული, რომელიც მათ ჩაიდინეს. თუმცა, არის სხვა მრავალი დანაშაული, რომელიც ჩადენილი იქნა იმ ცხრა წლის განმავლობაში. რაც შეეხება 2008 წლის ომის მომწიფებას, ნაბიჯ-ნაბიჯ კეთდებოდა ყველაფერი იმისთვის, რომ 2008 წლის აგვისტოში მომხდარიყო ის, რაც მოხდა და, საბოლოო ჯამში, მოხდა ქვეყნის ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია. ამისთვის ვითარებას ამწიფებდა “ნაცმოძრაობა” ნაბიჯ-ნაბიჯ, 2005 წლიდან მოყოლებული. ეს ქრონოლოგია არაერთხელ მითქვამს მეც, როგორ მიიღეს ჯერ კანონი, ე.წ. კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების შესახებ, მერე როგორ შეიქმნა ე.წ. დროებითი ადმინისტრაცია, როგორ აირჩა შემდეგ ე.წ. პრეზიდენტი ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე და ა. შ. პარალელურად, იყო სამხედრო ტიპის კონფრონტაციები, სხვა ტიპის პროვოკაციები, და ეს ყველაფერი ემსახურებოდა ერთადერთ მიზანს, რომ საქართველოში მომწიფებულიყო ომი, 2008 წელს რაც მოხდა, რაც არის უმძიმესი დანაშაული, რომელიც ამ პოლიტიკურმა ძალამ ჩაიდინა ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინაშე”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.