მაღალი ეკონომიკური აქტივობა და ინვესტიციების მოცულობა – ეს ის ორი ძირითადი ფაქტორია, რომელმაც ქვეყანაში დასაქმების რეკორდული ზრდა განაპირობა. ისტორიულ მინიმუმზეა უმუშევრობის დონე. სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მიმდინარე წლის მესამე კვარტალში, უმუშევრობა 1,8 პროცენტით შემცირდა და 13,8 პროცენტი შეადგინა. ეს ნიშნავს, რომ უმუშევართა რაოდენობა, ქვეყნის მასშტაბით, 253 ათასიდან 226 ათასამდე შემცირდა.
საქსტატის მონაცემები თანხვედრაშია ბიზნეს ასოციაციის მაჩვენებლებთან. ორგანიზაციაში ადასტურებენ, რომ სხვადასხვა სექტორში გაზრდილია სამუშაო ადგილების რაოდენობა. სტატისტიკის მიხედვით, მხოლოდ მიმდინარე წლის მესამე კვარტალში, დასაქმებულთა რიცხვი 41 300-ით გაიზარდა და, ჯამში, მილიონ 408 ათასს მიაღწია.
სამუშაო ადგილების ზრდა ფიქსირდება თითქმის ყველა სამეწარმეო მიმართულებით. განსაკუთრებული მოთხოვნაა IT-სექტორში, სადაც მიმდინარე წლის მესამე კვარტალში დასაქმების მნიშვნელოვანი მატება გამოვლინდა.
სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, 2024 წლის მესამე კვარტალში სამუშაო ადგილების ზრდა მოიცავს, როგორც თვითდასაქმებულების, ისე დაქირავებულთა ზრდის ტენდენციას.
წყარო: რუსთავი 2