მაკრონმა ივანიშვილს ყველა დაკავებულის გათავისუფლებისა და გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების პატივისცემისკენ მოუწოდა

საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილთან სატელეფონო საუბარში საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ყველა პოლიტიკურ პარტიასა და სამოქალაქო წარმომადგენელთან ინკლუზიური დიალოგის მოწოდებით გამოვიდა.

„მან მოუწოდა ინკლუზიური დიალოგისკენ ყველა პოლიტიკურ პარტიასა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთან, ქართველი ხალხის ევროპული და დემოკრატიული მისწრაფებების პატივისცემის შესაბამისად, რასაც კიდევ ერთხელ მიესალმა“, – წერს საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

ამასთან, განცხადების თანახმად, ემანუელ მაკრონმა კიდევ ერთხელ სინანული გამოხატა იმის გამო, რომ საქართველომ ევროპულ გზას გადაუხვია.

„მან კიდევ ერთხელ სინანული გამოხატა იმის გამო, რომ საქართველომ ევროპულ გზას გადაუხვია და დაადასტურა მისი რწმენა, რომ ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობები აუცილებლად იქნება დამოკიდებული იმ მიმართულებებზე, რომლებიც აქამდე იქნა მიღებული ან მიღებული იქნება“, – აღნიშნულია განცხადებაში.

გარდა ამისა, საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, „პრეზიდენტმა სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების დაშინება, ასევე უსაფრთხოების ძალების მიერ მშვიდობიანი მომიტინგეებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობა დაგმო“.

მათივე ინფორმაციით, მაკრონმა ივანიშვილს ყველა დაკავებულის გათავისუფლებისა და გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების პატივისცემისკენ მოუწოდა.

წყარო: ipn

კომენტარები

დატოვე კომენტარი