თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, შანტაჟი კარგა ხანია მიმდინარეობს და გრძელდება, ევროინტეგრაციის პროცესი გამოიყენება შიდა დაძაბულობისთვის, რადიკალური ჯგუფების გამოღვიძებისა და ხალხის ერთმანეთთან დაპირისპირებისთვის – ვიზალიბერალიზაცია კი არა, საქართველოს ინტერესია მთავარი, დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი.
მისი შეფასებით, არავის მიეცემა შესაძლებლობა, რომ შანტაჟის ენით საქართველო ცუდ კონტექსტში, სათავისოდ გამოიყენოს.
„ახალი არაფერია, არც პირველი შემთხვევაა, როდესაც მსგავსი განცხადებები კეთდება, შანტაჟი კარგა ხანია მიმდინარეობს და გრძელდება, ჯერ კანდიდატის სტატუსის მოცემა – არ მოცემის საკითხი იყო, შემდეგ მოლაპარაკებების გახსნა – არ გახსნის, ევროპულ ინტეგრაციას ყოველთვის შანტაჟის მექანიზმად იყენებენ, ეს დამოკიდებულება წარმოუდგენელია. არავის არ ვერჩით და თავს არ ვესხმით, ჩვენ ქვეყანასა და მის ინტერესებს ვიცავთ და არ გვინდა ვინმეს მივცეთ იმის შესაძლებლობა, რომ ქვეყანა ცუდ კონტექსტში, სათავისოდ გამოიყენოს. ჩვენ დამოუკიდებელი და სუვერენული ქვეყანა ვართ და იმიტომ გვინდა ევროპა, რომ ევროპული ღირებულებები – სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება, საკუთრების უფლება, ბიზნესის ხელშეუხებლობა გვინდა. გვახსოვს წლები, როდესაც ეს ღირებულებები ფეხქვეშ იყო გათელილი, ასევე განსხვავებული აზრის დევნა, ბიზნესის ტერორი, ღამის საათებში ციხეებში შესვლა და ბიზნესის გადაფორმებები ხდებოდა და ამას ევროპელი ბიუროკრატები დემოკრატიის შუქურად მოიხსენიებდნენ. ასეთი დემოკრატიის შუქურა თავისთვის დაიტოვონ, ჩვენ ძლიერ, დამოუკიდებელ, სუვერენულ ქვეყანას ვაშენებთ და ქვეყნისა და ხალხის ინტერესი იქნება გათვალისწინებული.
ევროინტეგრაციის პროცესი გამოიყენება შიდა დაძაბულობისთვის, რადიკალური ჯგუფების გამოღვიძებისა და ხალხის ერთმანეთთან დაპირისპირებისთვის. გვახსოვს როგორ ხდებოდა სხვადასხვა თემების გამოყენება, მაგალითად კანდიდატის სტატუსის მიღება არ მიღების საკითხი, რომ რევოლუცია მოეწყოთ, დაპირისპირება და სახელმწიფო გადატრიალება და არ გამოუვიდათ. შემდეგ შემოიტანეს მოლაპარაკებების გახსნის საკითხი. ახლა ვიზალიბერალიზაციის საკითხი. ვიზალიბერალიზაცია კი არა, საქართველოს ინტერესია მთავარი – დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი. დღეს ყველა ქართველი, ამ ქვეყანაში დაბადებული ადამიანი, რომელსაც თავისი ქვეყანა უყვარს და პატრიოტია ამაყობს, რომ ვერავინ ბედავს საქართველოს ხელისუფლებას და ჩვენ ქვეყანას მითითებები მისცეს. მბრძანებლური ტონი, რომელიც წლების განმავლობაში არსებობდა, ასე საუბარს ვეღარ ახერხებენ, სწორედ ამას ებრძვიან და ამიტომ არიან გაგიჟებულები“, – განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, ქვეყნისა და ხელისუფლების შანტაჟი მიმდინარეობდა მაშინაც, როდესაც უცხოეთიდან დიდი შემოტევები იყო, საქართველოს ომში ჩართვასთან დაკავშირებით.
„ერთადერთი ხელისუფლება ვართ, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, რომლის პირობებში ქვეყანას ომი არ ჰქონია. გრძელვადიანი მშვიდობის შენარჩუნება პრინციპულად მნიშვნელოვანია. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში არის უამრავი მტერი და ადამიანები, რომლებიც ცდილობდნენ, რომ საქართველო ჩართულიყო ომში, გახსნილიყო მეორე ფრონტი, იყო ძალიან დიდი შემოტევები უცხოეთიდან, რომელიც დღესაც გრძელდება, მიმდინარეობს სხვადასხვა ტიპის შანტაჟი, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ქვეყანაში შევინარჩუნოთ მშვიდობა, სიმშვიდე, მოვახდინოთ ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და არავის მივცეთ შესაძლებლობა, ჩვენი ქვეყნის ინტერესები დავთმოთ, სხვა დიდი ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ. უპირველეს ყოვლისა ჩვენი ქვეყანა და ჩვენი სამშობლო“, – განაცხადა კალაძემ.