თბილისში სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ძლიერი ხანძარი იყო. ხანძრის შედეგად მოვაჭრეებს საქონელი დაეწვათ.
ამ დროისთვის, ადგილზე შეკრებილები არიან მოვაჭრეები, რომელთა მაღაზიებიც ხანძრის შედეგად დაზიანდა ან განადგურდა.
მოვაჭრეების თქმით, სავაჭრო ფართების ნაწილი სრულად დამწვარია, მაღაზიების ნაწილში კი გარკვეული საქონლის გადარჩენა მოხერხდა.
ადგილზე შეკრებილი მოვაჭრეების თქმით, ხანძრის მიზეზების შესახებ არანაირი ვერსია არ აქვთ.
მოვაჭრეების ნაწილი აცხადებს, რომ საქონელი დაზღვეული ჰქონდათ.
ცნობისთვის, თბილისში, სადგურის მოედნის ბაზრობის ტერიტორიაზე ძლიერი ხანძარი იყო. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი ტანსაცმლისა და სხვადასხვა სახის სასაწყობე ფართებს გაუჩნდა. ხანძრის გამო ახლომდებარე კლინიკებიდან პაციენტების ევაკუაცია განხორციელდა. ამ ეტაპზე ხანძარი ლიკვიდირებულია.
ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.