აშშ-ის პრეზიდენტი თუ მოახერხებს „დიფ სთეითის“ შესუსტებას, ეს დადებითად აისახება ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებზე – კობახიძე

პრემიერის, ირაკლი კობახიძის თქმით, ქართული მხრიდან გაჟღერდა გზავნილები აშშ-ის ადმინისტრაციის წინაშე და თუ არის ამერიკული მხრიდან ინტერესი ურთიერთობების გადატვირთვასთან დაკავშირებით, აშშ-ის მხრიდან ნაბიჯები უნდა გადაიდგას.

„ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ გაგრძელდება და დასრულდება ორთაბრძოლა პრეზიდენტ ტრამპსა და „დიფ სთეითს“ შორის. ამ ორთაბრძოლის თაობაზე თავად პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ღიად საუბრობენ. თუ მოახერხებს პრეზიდენტი „დიფ სთეითის“ შესუსტებას, ეს აუცილებლად დადებითად აისახება ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებზე. თუ ვერ შეასუსტებს, დარჩება ის სტატუსკვო, რაც არის დღეს მოცემული. გარდა ამისა, უნდა გავიხსენოთ ის, რომ იგივე „მეგობარი აქტი“ იქნა მიღებული. ძალაშია სანქციები, რომლებიც მოქმედებს, მათ შორის, ვიცე-პრემიერის მიმართ, ჩვენს შინაგან საქმეთა მინისტრის მიმართ. ამიტომ ვამბობ, რომ ეს არ არის პასიური დუმილი, ეს არ არის პასიური მდგომარეობა. ჩვენ გვჭირდება მოცემულობის შეცვლა. თუ ამერიკული მხრიდან ასევე არის ინტერესი ურთიერთობების გადატვირთვასთან დაკავშირებით, ვფიქრობ, ნაბიჯები უნდა გადაიდგას, თუმცა ეს არ არის ჩვენზე დამოკიდებული. ჩვენზე დამოკიდებული რაც იყო, გავაკეთეთ, ჩვენი გზავნილები გავაჟღერეთ ადმინისტრაციის წინაშე. ვნახოთ, როგორი იქნება მათი რეაქცია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი