გამარჯვების ბოლომდე მიყვანა მოითხოვს სამ რამეს: საზოგადოების ერთობა, უცხოელი პარტნიორების მხარდაჭერა და პოლიტიკური ალტერნატივის შექმნა – ზურაბიშვილი

რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს სიტყვით საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მიმართა.

ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ხელისუფლებაზე გამარჯვებისთვის სამი კომპონენტია საჭირო – საზოგადოების ერთობა, უცხოელი პარტნიორების მხარდაჭერა და პოლიტიკური ალტერნატივის შექმნა, რომელსაც საზოგადოებაში მაღალი ნდობა ექნება.

“გამარჯვების ბოლომდე მიყვანა მოითხოვს სამ რამეს: ერთია საზოგადოების ერთობა, შემართება, ერთად დგომა და ეს მიღწეულია. ცხადია, ამ საზოგადოების ერთიანობის ღერძი არის ის პროტესტი, რომელიც აქ, რუსთაველზე, ჯიუტად, ყოველ საღამოს დგას, დგას და დგას ბოლომდე. გამარჯვების მეორე კომპონენტი არის ჩვენი უცხოელი პარტნიორების მხარდაჭერა. ის მუშაობა, რაც ჩატარდა ჩვენს პარტნიორებთან – ჩემი და სხვების, ეს არ არის ერთი ადამიანის გაკეთებული, ეს არის ერთობლივი მუშაობა, თუნდაც ზოგჯერ სხვადასხვა პარტიების, ადამიანების, კულტურის სფეროსი – ყველამ ერთად იმუშავა და მიაღწია იმას, რომ დღეს, არჩევნებიდან 7 თვის შემდეგ, არ არის ეს არალეგიტიმური მთავრობა აღიარებული.
და მესამე კომპონენტი საბოლო გამარჯვების ფორმულისთვის – უნდა შეიქმნას პოლიტიკური ალტერნატივა, რომელიც ისარგებლებს თქვენი, ჩვენი და პარტნიორების ნდობით. ყველამ ვიცით, რომ ვერც ერთი პარტია ცალკე ვერაფერს ვერ მიიღებს”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი