ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტი კერძო კომპანიების მიერ სრულად აიკრძალება – კობახიძე

პრემიერის, ირაკლი კობახიძის თქმით, ზედაპირული ანალიზიც ცხადყოფს, რომ დღეს საქართველოში ფსიქოტროპული მედიკამენტების, განსაკუთრებით – ბენზოდიაზეპინების, მოხმარება გონივრულ მაჩვენებელს მნიშვნელოვნად აღემატება, რაც ამყარებს საზოგადოების საფუძვლიან ეჭვს იმასთან დაკავშირებით, რომ ნარკოტიკული დანიშნულებით ამ მედიკამენტების გამოყენება საქართველოში ფართოდ გავრცელებული პრაქტიკაა.

“დღეს საქართველოში ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტს ახორციელებენ კერძო სუბიექტები. შესაბამისად, ამ სუბიექტებს აქვთ პირდაპირი ინტერესი, ფსიქოტროპული მედიკამენტების მოხმარება ხელოვნურად წაახალისონ. იმისათვის, რომ ამგვარი პრაქტიკა მაქსიმალურად აღიკვეთოს, სრულად აიკრძალება ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტი კერძო კომპანიების მიერ. სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ სამკურნალო საშუალებათა იმპორტი და რეალიზაცია მხოლოდ სახელმწიფოს პრეროგატივა იქნება. გარდა ამისა, დაწესდება მკაცრი კონტროლი რეცეპტების გამოწერისა და მედიკამენტების გაცემის პრაქტიკაზე. მუდმივ რეჟიმში, ყურადღებით დავაკვირდებით ფსიქოტროპული მედიკამენტების გამოყენების სტატისტიკას. ამ სტატისტიკის არსებითი შემცირება იქნება უტყუარი ინდიკატორი იმისა, რომ სახელმწიფომ ფსიქოტროპული მედიკამენტების არადანიშნულებისამებრ გამოყენება წარმატებით აღკვეთა“, – განაცხადაკიბახიძემ.

ამასთან, კობახიძის განცხადებით, რეცეპტის გამოწერა, როგორც აქამდე ხდებოდა, ისე მოხდება, “ექიმები და მათ შორის კერძო კლინიკებიც იქნებიან ამაზე პასუხისმგებელი”.

“რაც შეეხება სააფთიაქო ქსელს, არსებითად ეს ქსელი არის კერძო და კერძო ქსელის მიერ მოხდება რეალიზაცია. აქ მთავარია, იმპორტი კერძო სუბიექტების მიერ აიკრძალება. როდესაც იმპორტიორი არის ერთი კონკრეტულ კერძო სუბიექტი, მას აქვს პირდაპირი ინტერესი, მაქსიმალურად გაზარდოს რეალიზაცია. ეს თუ ჩაიკეტება, ამ შემთხვევაში უფრო იოლი გახდება მათ შორის ფსიქოტროპული აფთიაქების კონტროლი, რეცეპტის გამოწერის კონტროლი. კონტროლის აუცილებლობა დარჩება, კვლავაც აქტუალური იქნება, მაგრამ არსებითად გამარტივდება ფსიქოტროპული პრეპარატების არადანიშნულებისამებრ გამოყენების წინააღმდეგ ბრძოლა. იმპორტიორს აღარ ექნება იმის ინტერესი, გაზარდოს საკუთარი კომერციული მოგება ადამიანების მიერ ამ მედიკამენტების ნარკოტიკული დანიშნულებით გამოყენების ხარჯზე“, – განაცხადა მან.

კომენტარები

დატოვე კომენტარი