“დიფ სთეითი“ ევროკავშირის დაფინანსებას საქართველოში რევოლუციური პროცესების წასახალისებლად იყენებს – კობახიძე

პრემიერის, ირაკლი კობახიძის თქმით, ის ფაქტი, რომ ევროკავშირის ფონდებიდან დაფინანსებული „ენჯეოები“ აწყობენ 2000 კაციან აქციას, ითხოვენ ხელისუფლების დამხობას და ა.შ. ძალიან სამწუხარო რეალობას ქმნის.

ირაკლი კობახიძის თქმით, ყველა ხედავს, რომ „დიფ სთეითი“ ევროკავშირის დაფინანსებას იყენებს საქართველოში რევოლუციური პროცესების წასახალისებლად.

„კარგი ის არის, რომ ამ პროცესებს არავითარი პერსპექტივა არ აქვს, მაგრამ თავისთავად ის ფაქტი, რომ ევროკავშირის ფონდებიდან დაფინანსებული „ენჯეოები“ აწყობენ 2 000-კაციან აქციას, ითხოვენ ხელისუფლების დამხობას და ა.შ. ძალიან სამწუხარო რეალობას ქმნის. ასეთი ფაქტები და ქმედებები ძალიან მძიმედ აისახება არა მხოლოდ ევროპული ბიუროკრატიის, მთლიანად ევროკავშირის იმიჯზე ჩვენს ქვეყანაში. ამიტომ არავის უკვირს, რომ ევროკავშირის მიმართაც კი შემცირებულია ნდობა რადიკალურად, 80%-იდან თითქმის 50%-მდე. იმიტომ, რომ ევროპული ბიუროკრატია, რომელიც იმართება „დიფ სთეითის“ მხრიდან, აბსოლუტურად ანადგურებს ნდობას ქართული საზოგადოების თვალში ევროპული სტრუქტურების მიმართ“, – განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი