პრემიერის თქმით, თუ 11 წელი არის სასწავლო პროგრამის გასავლელად საკმარისი, უნდა შემოვიფარგლოთ 11 წლით.
“თუ 11 წელი საკმარისია, სხვა რამის გამო არ შეიძლება დავამატოთ მეთორმეტე წელი,- ასე უპასუხა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვას იმასთან დაკავშირებით, რომ 11-წლიან სასკოლო პროგრამაზე გადასვლის შემთხვევაში მოსწავლეებს საზღვარგარეთ უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობა შეეზღუდებათ.
კობახიძის განმარტებით, ქვეყნის პრიორიტეტია, რომ სტუდენტმა განათლება საქართველოში მიიღოს, ამასთან, პრემიერმა იმ მოსწავლეებს, რომლებსაც საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელება სურთ ალტერნატივად ქვეყნიდან წასვლა, მეთორმეტე კლასის სხვა ქვეყანაში დასრულება და შემდეგ უნივერსიტეტში ჩაბარება შესთავაზა.
„რაც შეეხება უცხოეთში სწავლის გაგრძელების სურვილს, ჩვენი მთავარი ამოცანა და ეს ქვეყნის პრიორიტეტია, რომ ქართველმა სტუდენტმა საქართველოში მიიღოს მაღალი დონის განათლება და სწორედ ამას ემსახურება რეფორმის ის გეგმა, რომელიც ჩვენ წარმოვადგინეთ. ჩვენ გვინდა 3-4 წელიწადში თვისობრივად ავამაღლოთ უმაღლესი განათლების ხარისხი ჩვენს ქვეყანაში, შესაბამისად, ქართველმა სტუდენტებმა არსებითად განათლება უნდა მიიღონ ჩვენს ქვეყანაში. რაც შეეხება იმას, თუ მოსწავლეს სურს საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელება, სასურველი ზოგადად არ არის, რომ პირველივე კურსიდან უცხოეთში განაგრძოს სწავლა მოსწავლემ, შემდეგ სტუდენტმა, თუმცა თუ ამისი სურვილი არსებობს, ამისთვის იქნება შექმნილი ყველანაირი პირობა, მათ შორის, ჩვენც შეიძლება ვიზრუნოთ საქართველოში მეთორმეტე კლასის დამატებაზე საგანგებოდ სპეციალიზებულ სკოლებში თუ არადა ალტერნატივა არის ის, რომ საზღვარგარეთ წავა მოსწავლე, იქ დაამთავრებს მეთორმეტე კლასს და თუ აქვს სურვილი, გააგრძელებს პირველი კურსიდან სწავლას საზღვარგარეთ. მაგრამ ნებისმიერი ღირსეული ქვეყნის მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს ის, რომ საკუთარ ქვეყანაში მიიღოს სტუდენტმა მაღალი დონის განათლება და ჩვენი კონცეფცია არის თავიდან ბოლომდე ორიენტირებული ამაზე“, – განაცხადა კობახიძემ.
კითხვაზე, გადაწყვეტილი არის თუ არა მეთორმეტე კლასის გაუქმება, კობახიძემ აღნიშნა, რომ ყველა საკითხზე შედგება ჯანსაღი დისკუსია.
„ჩვენ ყველა თემაზე გვექნება მსჯელობა, თუ რაიმე არის დასახვეწი, რა თქმა უნდა, ყველაფერზე მზად ვართ, მთავარია, რომ შედგეს ჯანსაღი დისკუსია ყველა საკითხთან დაკავშირებით. იგივე მეთორმეტე კლასის საკითხი რომ ავიღოთ, დღეს პრაქტიკულად მეთორმეტე კლასში არ დადიან ბავშვები სკოლაში, იმიტომ, რომ მათ ურჩევნიათ მოემზადონ მისაღები გამოცდებისთვის. ერთ-ერთი პრობლემა არის ის, რომ საერთოდ არ არის მორგებული ბოლო კლასების სასწავლო პროგრამა მისაღებ გამოცდებზე და ასეთ პირობებში არ უღირთ მოსწავლეებს სკოლაში სიარული. ეს მდგომარეობა უნდა შეიცვალოს, ნაცვლად იმისა, რომ საერთოდ არ იარონ ბოლო კლასებში მოსწავლეებმა სკოლებში, ჩვენ გვჭირდება ჯანსაღი პროგრამა, რომელიც თავიდან ბოლომდე იქნება მორგებული მოსწავლის ობიექტურ ინტერესებზე.“- განაცხადა კობახიძემ.
კობახიძემ აღნიშნა, რომ მთავარი გამოწვევა არის ხარისხი და ის 7 ამოცანა, რომელიც დაისახა კონცეფციის ფარგლებში, სწორედ ამ მთავარი გამოწვევის დაძლევას ემსახურება.
„მთავარი გამოწვევა, ზოგადად, არის ხარისხი. ჩვენ არ გვაქვს უზრუნველყოფილი სათანადო, თანამედროვე, მაღალი სტანდარტები უმაღლესი განათლების სისტემაში. ეს არის მთავარი გამოწვევა და ის 7 ამოცანა, რომელიც დაისახა ჩვენს მიერ კონცეფციის ფარგლებში, ემსახურება სწორედ ამ მთავარი გამოწვევის დაძლევას. ჩვენ გვინდა, რომ ქართველმა სტუდენტებმა მაღალი დონის, მაღალი ხარისხის განათლება მიიღონ სწორედ ჩვენს ქვეყანაში. ეს არის უმთავრესი ამოცანა, რომელსაც ემსახურება უმაღლესი განათლების რეფორმა. ძალიან დიდი სამუშაოა გაწეული, ძალიან მკაფიოდ არის დანახული გამოწვევები და ძალიან მკაფიოდ არის დასახული პრიორიტეტები, შესაბამისად, ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ ეს კონცეფცია უკვე სრულად აღსრულდეს. ეს არის ჩვენი მთავარი პრიორიტეტი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.