მთავრობის ადმინისტრაციას უფლებამოსილი ორგანოებიდან საგადასახადო საიდუმლოების და ასევე, პერსონალური მონაცემების – მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების შემცველი ინფორმაციის გამოთხოვის შესაძლებლობა ექნება.
შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტში უკვე წარდგენილია.
ცვლილებები “საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონში, “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონსა და “საგადასახადო კოდექსში“ ხორციელდება.
საკანონმდებლო პაკეტი მთავრობის ადმინისტრაციამ მოამზადა.
მთავრობის ადმინისტრაცია აქცენტს მის ფარგლებში შექმნილ მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტზე აკეთებს. დეპარტამენტს აღნიშნულ მონაცემთა გამოთხოვა არ შეუძლია, რაც მთავრობის ადმინისტრაციას განმარტებით, აფერხებს დეპარტამენტის ფუნქციას, შეასრულოს ისეთი მნიშვნელოვანი ამოცანები, როგორიცაა რისკების გამოვლენა, მონაცემების შეგროვება და ანალიზი, მონიტორინგისა და კონტროლის პროცედურების განხორციელება, შესაბამისობის, ეკონომიურობის, პროდუქტიულობის, ეფექტიანობისა და გამჭვირვალობის შეფასება, რეკომენდაციებისა და წინადადებების მომზადება. “რისკების გამოვლენა და შეფასება მხოლოდ ზედაპირული ან საჯარო მონაცემებით შეუძლებელია. სამუშაო ღონისძიებების ეფექტიანად განხორციელება მოითხოვს სხვადასხვა პერსონალური და სხვა ტიპის მონაცემების სიღრმისეულ ანალიზს ობიექტური და რეალური სურათის დასანახად. ინფორმაციის გამოთხოვის უფლებამოსილება გაზრდის ანალიზის ხარისხს, რითაც დეპარტამენტს მიეცემა შესაძლებლობა, გამოსცეს მტკიცებულებებზე დაფუძნებული რეკომენდაციები, ანგარიშები და წინადადებები. მაგალითისთვის, ქვეყანაში განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების ხარჯვითი ნაწილი მზარდი ტენდენციით ხასიათდება. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებათა ჯამმა 36,94 მილიარდი ლარი შეადგინა. მხოლოდ 2024 წლის მონაცემებით, 8,14 მილიარდი ლარის საქონლის, მომსახურების და სამუშაოს სახელმწიფო შესყიდვა განხორციელდა. ხსენებული უფლებამოსილება მაქსიმალურად შეუწყობს ხელს დასახული მიზნების მიღწევას.
შესაბამისად, აუცილებელია, მთავრობის ადმინისტრაციას ჰქონდეს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანოსგან საგადასახადო საიდუმლოების ან პერსონალური მონაცემების, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების შემცველი ინფორმაციის ან ნებისმიერი სხვა ინფორმაციის გამოთხოვის შესაძლებლობა იმ ფუნქციების განსახორციელებლად, რომელიც საჭიროა კონტროლის ხელშეწყობის განხორციელების პროცესში და რაც აუცილებელი იქნება შესაბამისი ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად“, – ვკითხულობთ კანონის პროექტის განმარტებით ბარათში.
კანონპროექტს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს.
წყარო: ინტერპრესნიუსი

