ანტიკორუფციული სააგენტოს უფროსი ინსპექტორი დღეს გარდაცვლილი ნახეს. ფაქტზე სუს-ი განცხადებას ავრცელებს.
“ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ჩვენი თანამშრომლის, ანტიკორუფციული სააგენტოს უფროსი ინსპექტორის, სიმონ წაქაძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს ვუცხადებთ მის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს.
მისი გარდაცვალება უდიდესი ტრაგედია და დანაკლისია ჩვენთვის. სიმონ წაქაძე 2015 წლიდან მუშაობდა ჩვენს სამსახურში და იყო ღირსეული, გამოცდილი თანამშრომელი, რომელიც გამოირჩეოდა საქმისადმი ერთგულებითა და მაღალი პროფესიონალიზმით.
უმძიმეს ფაქტთან დაკავშირებით გარკვეული პირების მხრიდან ვრცელდება სპეკულაციური განცხადებები, რაც კიდევ უფრო ამძიმებს გარდაცვლილის ოჯახის, მეგობრებისა და კოლეგების ტკივილს.
უმორჩილესად ვთხოვთ ყველას, თავი შეიკავონ მანიპულაციური განცხადებებისგან და პატივი სცენ გარდაცვლილის ხსოვნას”, – ნათქვამია განცხადებაში.
არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთ ავტომობილში სუს-ის თანამშრომლის ცხედარი დღეს იპოვეს.
სუს-ში აცხადებდნებ, რომ გარდაცვლილს ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული.
კითხვაზე: იყო თუ არა ეს თვითმკვლელობა, უწყებაში აღნიშნეს: „პირველადი ვერსიით, რაც აშკარად იკვეთება, არის თვითმკვლელობა“.
„ეს ადამიანი იყო ანტიკორუფციული სააგენტოს ძალიან ღირსეული და გამორჩეული თანამშრომელი, რომელიც ყველას ძალიან უყვარდა. პირველადი ინფორმაციით, რაც შეგვიძლია გითხრათ არის ის, რომ რამდენიმე თვის წინ, საზღვარგარეთ ბარიატრიული ოპერაცია გაიკეთა, დაიკლო ათეულობით კილოგრამი, ამის გამო ჰქონდა ჯანმრთელობის პრობლემები.
რაც ვიცით თანამშრომლებისგან, ის სამსახურში ადრე მოვიდა, როგორც ჩანს, აიღო იარაღი, გავიდა სამსახურის ტერიტორიიდან და თავის ავტომანქანაში იპოვეს გარდაცვლილი ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით. ავტომობილის გვერდითა სავარძელზე დატოვა წერილი. ეს არის ის პირველადი მონაცემები, რაც ჩვენთვის არის ცნობილი“, – განაცხადეს სუს-ში.

