დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე მიიღეს დადგენილება, რომლის თანახმად საქართველოში პირველი აპრილიდან იკრძალება 6 წელზე მეტი ასაკის M1 კატეგორიის ავტომობილების იმპორტი, პირველადი და დროებითი რეგისტრაცია. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე განმარტებით, გამონაკლისები ვრცელდება იმ M1 კატეგორიის ავტომობილებზე, რომელთა ტრანსპორტირება დაწყებულია 1 აპრილამდე ან რომელიც უკვე შემოყვანილია საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე. ასეთი ავტომობილების პირველადი რეგისტრაცია მოხდება პირველ აპრილამდე არსებული პირობების შესაბამისად.
„ავტოტრანსპორტი ატმოსფერული ჰაერის მყარი ნაწილაკებითა და აზოტის ოქსიდებით დაბინძურების მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს. საქართველოში ტრანსპორტით ჰაერის დაბინძურების მაღალი მაჩვენებლები ავტოპარკის ასაკით და, შესაბამისად, ავტომობილების ტექნიკური გაუმართაობით არის გამოწვეული.
საქსტატის მონაცემებით, 2024 წელს საქართველოში რეგისტრირებულია 1,814 მლნ ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომლის აბსოლუტურ უმრავლესობას (85.7%) მსუბუქი ავტომობილები შეადგენენ. რეგისტრირებულ ავტომობილთა 80.6%-ის ასაკი 10 წელზე მეტია.
ახალი რეგულაცია ითვალისწინებს საქართველოში 6 წელზე მეტი ასაკის M1 კატეგორიის ავტომობილების იმპორტის/პირველადი რეგისტრაციის/დროებითი რეგისტრაციის აკრძალვას, რომელიც იმოქმედებს შესაბამისი დადგენილებით განსაზღვრული ემისიის (ევრო 5/V) სტანდარტებთან ერთად. აღნიშნული შეზღუდვა უზრუნველყოფს ავტოპარკის და განსაკუთრებით მსუბუქი ავტომობილების პარკის გაჯანსაღებას, რაც ქვეყანაში ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების და, შედეგად, ჯანმრთელობის დაცვის კუთხით გადადგმული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია“, – ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.
წყარო: ipn

