თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობის, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლის მიღება, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე რომეო მიქაუტაძე დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, გარდა 10-წლიანი სასჯელის მისჯისა, სასამართლოს განაჩენის მიხედვით, რომეო მიქაუტაძეს სახელმწიფოს სასარგებლოდ ექვს მილიონ ლარამდე ქონება, მათ შორის, ესპანეთში მდებარე უძრავი ქონება ჩამოერთვა.
“სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ მსჯავრდადებული საჯარო სამსახურში მაღალ, მათ შორის სახელმწიფო-პოლიტიკურ თანამდებობებზე მუშაობის პერიოდში, კანონით აკრძალული ქონებრივი ან სხვა სიკეთის მიღების მიზნით, სისტემატურად იყენებდა თანამდებობას ან/და მასთან დაკავშირებულ შესაძლებლობას, რითაც „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად კორუფციულ ქმედებებს ჩადიოდა. იგი იყენებდა თანამდებობრივ გავლენებს, სანაცნობო წრეს, გამოცდილებას და უკანონოდ, პირადი სარგებლის მიღების მიზნით იყენებდა ენერგეტიკის სფეროში მის მიერ დაფუძნებული და მმართველობის ქვეშ არსებული ენერგოკომპანიებისთვის (ჰესები) არამართლზომიერი უპირატესობის მისანიჭებლად, რომლებშიც ასევე ფლობდა წილებს, რომლებსაც ფორმალურად, ნდობით აღჭურვილ პირებზე აფორმებდა.
დადგინდა, რომ მსჯავრდადებული მფარველობდა შპს „ჯეოკრაფტს“ და მიუხედავად იმისა, რომ კომპანიაში ოფიციალურად წილი არ გააჩნდა, რეალურად მის მართვაში მონაწილეობდა. დაეხმარა აღნიშნული კომპანიის მეწილეებს, მათი კუთვნილი მეორე კომპანიის 4 224 000 აშშ დოლარად გასხვისების საკითხში, რის სანაცვლოდ ჯამში 400 000 აშშ დოლარი უკანონოდ მიიღო.
ასევე, მსჯავრდადებულმა სხვა პირთან ერთად დააარსა შპს „მცირე“, დამფუძნებლებად და დირექტორად ფორმალურად ნათესავზე გააფორმა თუმცა, წილს რეალურად თვითონ ფლობდა, იღებდა შემოსავალს და კანონით დადგენილი აკრძალვის მიუხედავად მის მართვაში მონაწილეობდა. ასევე მან მოიძია შპს „ეიჩ პი პი ინვესტი“, რომელსაც კომპანია 580 000 აშშ დოლარად მიყიდეს, რითაც არალეგალური შემოსავალი მიიღო.
2020 წელს, შპს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორად მუშაობის პერიოდში, მსჯავრდადებულმა სხვა პირებთან ერთად 120 000 აშშ დოლარად შეიძინა შპს „მომავლის ენერგია“. კომპანიაში არსებული მისი კუთვნილი წილი ფორმალურად ნათესავზე გააფორმა, თუმცა, რეალურად წილს თავად ფლობდა და კანონით დადგენილი აკრძალვის მიუხედავად მის მართვაში მონაწილეობდა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში, მსჯავრდადებულმა ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი უფლებამოსილება და შპს „მომავლის ენერგიისთვის“ გამორჩენის მისაღებად, უზრუნველყო კომპანიისთვის სხვადასხვა ნებართვების აღება, რითაც კომპანიის ღირებულება გაიზარდა.
2019 წელს, შპს „ენერგოტრანსის“ დირექტორად მუშაობის პერიოდში, შემოსავლის მიღების მიზნით, მსჯავრდადებულმა სხვა პირთან ერთად 20 801 აშშ დოლარად შპს „ნახიდური ჰესი“ შეიძინა. თავისი წილი ნათესავის სახელზე გააფორმა, თუმცა რეალურად კომპანიის მართვაში თვითონ მონაწილეობდა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში, გამორჩენის მიღების მიზნით, კომპანიისთვის სხვადასხვა ნებართვების აღება უზრუნველყო, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.
ასევე დადგინდა, რომ შპს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორის თანამდებობაზე ყოფნისას, მსჯავრდადებულმა გადაამეტა სამსახურებრივ უფლებამოსილებას, მიიღო ერთპიროვნული არასამართლიანი გადაწყვეტილება და ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას „მაიჯიპიეს“, იმ მოტივით, რომ კომპანიის მიერ მიწოდებული პროდუქცია ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს არ შეესაბამებოდა, პროდუქციის უკან წაღება დაავალა. თუმცა სასამართლომ მხარეთა მორიგების გზით, კომპანიისთვის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო, რის შედეგადაც შპს „თბილსერვის ჯგუფს“ 114 658,08 ლარის ზიანი მიადგა.
თემატური რევიზიის დასკვნის თანახმად, მსჯავრდადებული 2017-2024 წლებში მიღებული აქვს განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავალი, საიდანაც შეძენილი აქტივების ღირებულებამ შეადგინა 8 499 334 ლარი.
ზემოაღნიშნული დანაშაულების და კორუფციული საქმიანობის შედეგად მიღებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო ან/და დაუსაბუთებელი ქონებისათვის წარმოშობის წყაროს დამალვის და შენიღბვის მიზნით, რომლის ლეგალურ წარმომავლობას ვერ დაასაბუთებდა, მსჯავრდადებულმა ქონებისთვის კანონიერი სახის მისაცემად შემდეგი ქმედებები განახორციელა:
2023 წელს რომეო მიქაუტაძის ოჯახმა, ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში 660 000 ევროდ 120 კვ.მ. ბინა შეიძინა, რომლის შესაძენად თანხის ნაწილი, 599 955 ევრო მსჯავრდადებულის მეუღლის საბანკო ანგარიშიდან გადარიცხა. აღნიშნული თანხა, მსჯავრდადებულის მეუღლემ თავის ანგარიშზე ნაღდი ფულის სახით შეიტანა.
ვინაიდან 660 000 ევროს ლეგალური გზით წარმომავლობა მსჯავრდადებულს და მის მეუღლეს არ უფიქსირდებოდათ, ამ თანხის ნამდვილი ბუნების დამალვა/ შენიღბვის მიზნით, დამზადდა ფიქტიური ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით თითქოსდა მსჯავრდადებულის მეუღლის სახელზე რეგისტრირებული სოფელ წეროვანში მდებარე უძრავი ქონება 600 000 ევროდ მსჯავრდადებულის მეგობრის დედამ შეიძინა. რეალურად კი მსჯავრდადებულის ოჯახს ეს ქონება არ გაუსხვისებია და ხელშეკრულების მიზანი ესპანეთში გადასარიცხი თანხის წარმომავლობის შენიღბვა იყო. 660 000 ევროს უკანონო წარმოშობის შენიღბვის მიზნით, მსჯავრდადებულმა 2024 წლის აპრილში, თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში აჩვენა, რომ თითქოს აღნიშნული შემოსავალი მისმა ოჯახმა უძრავი ქონების რეალიზაციის შედეგად მიიღო.
ასევე მსჯავრდადებულმა კორუფციული საქმიანობის და სხვა სავარაუდო უკანონო ქმედებების შედეგად მიღებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო ან/და დაუსაბუთებელი ქონებისთვის წარმოშობის წყაროს დამალვის და შენიღბვის მიზნით, 966 458 ლარად ორი ავტომანქანა შეიძინა, რომელიც ნდობით აღჭურვილ პირებზე ფორმალურად გააფორმა.
ზემოხსენებული მეთოდებით მსჯავრდადებულმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო/დაუსაბუთებელი შემოსავლის – 8 499 334 ლარის ლეგალიზაცია განახორციელა.
რომეო მიქაუტაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მე-2 ნაწილით (3 ეპიზოდი) (სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება), 337-ე მუხლით (4 ეპიზოდი) (სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობა), 333-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება), და 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო/დაუსაბუთებელი შემოსავლის მიღება) წარედგინა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ რომეო მიქაუტაძე დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. ამავე განაჩენით რომეო მიქაუტაძეს სახელმწიფოს სასარგებლოდ ექვს მილიონ ლარამდე ქონება ჩამოერთვა, მათ შორის ესპანეთში მდებარე უძრავი ქონება”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

