აქციის გამართვა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, მაგრამ როცა ამას ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს ამთხვევ, მავნებლობაა – კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, პოლიტიკური საქმიანობის დროს ხელის შეშლა კატეგორიულად მიუღებელია და ეს ხელისუფლებას არაფერში სჭირდება.

„შეხედეთ ამ ადამიანებს, ვინ არიან, რას წარმოადგენენ, საიდან იმართებიან. რა უნდა შესთავაზონ მათ საზოგადოებას? რაც შეეხება ხელის შეშლის მცდელობების დაორგანიზებას და ამაში ჩვენს დადანაშაულებას, რაში სჭირდება ხელისუფლებას, ისედაც გაუბედურებულ, განულებულ ოპოზიციას რომ რამე დაუგეგმოს? ეს ხომ წარმოუდგენელია, თუმცა, ზოგადად, პოლიტიკური საქმიანობის დროს ხელის შეშლა, შეურაცხყოფის მიყენება ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის კატეგორიულად მიუღებელია“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

რაც შეეხება 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღეს ოპოზიციის მიერ დაანონსებულ საპროტესტო აქციას, კახა კალაძის თქმით, ასეთ მნიშვნელოვან დღეს აქციის გამართვა მავნებლობაა.

„აქციის გამართვა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, თუმცა როცა ამ აქციას ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს ამთხვევ, მავნებლობაა. ეს არის დღე, როდესაც სრულიად საქართველო ერთიანდება. იმაზე ძვირფასი რა არის, როდესაც შენი საკუთარი სამშობლოს დამოუკიდებლობის დღეს ზეიმობ? აქციის ჩატარება ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, მაგრამ ეს უნდა მოხდეს კანონის ფარგლებში, გადაცდომების გარეშე. შესაბამისი სამსახურები არიან მოწოდების სიმაღლეზე და თუ რაიმე გადაცდომა იქნება, ყველას შესაბამისი პასუხი გაეცემა“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი