ჩემი კანდიდატი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ არის ნანუკა ჟორჟოლიანი – სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის თქმით, ნანუკა ჟორჟოლიანს პარტიის თავმჯდომარედ განიხილავს და ის გამარჯვების შემთხვევაში რეფორმებს გაატარებს პარტიის ბირთვთან.

„ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ ცვლილებებს რაც შეეხება – ის იქნება ძირეული და არა კოსმეტიკური. პარტია არა მხოლოდ გასაცოცხლებელია, არამედ იმაზე უკეთეს ფორმაშია მოსაყვანი, ვიდრე იყო 2003 წელს.

ივლისში ყველა თანამდებობის პირს პარტიაში უმთავრდება ვადა. აუცილებელია თავმჯდომარის არჩევნები იმ ფორმატით, რომელიც რეჟიმის მხრიდან ჩარევას გამორიცხავს. ჩემი კანდიდატი თავმჯდომარედ არის ნანუკა ჟორჟოლიანი. მას აქვს გამოცდილება, ენერგია, ხედვა, რომ ამ გამოწვევას გაუმკლავდეს. ამავე დროს, ვთავაზობ, არჩევნების პროცესში შემოვიდეს ყველა, ვისაც რეფორმების სურვილი და ხედვა აქვს. ასევე. არჩევნებში მონაწილეობა შეეძლება ყველას და ეს უნდა იყოს ხედვების შეჯიბრი.

ნანუკა გამარჯვების შემთხვევაში რეფორმებს გაატარებს პარტიის ბირთვთან, როგორც ვეტერანებთან და ასევე ახლებთან ერთად. ამ ყველაფერში მათ აქვთ ჩემი სრული ნდობა. სხვა პარტიების უმრავლესობისგან განსხვავებით, ენმ არ არის არც ბიზნესპროექტი, არც 1 ადამიანის მიერ მართული პარტია. ის ქვემოდან ზემოთ იმართება მრავალრიცხოვანი სახალხო ბაზით და ამ მხარდამჭერების პოზიცია ჩვენთვის გადამწყვეტია. ეს ყველაფერი აუცილებელი და გადაუდებელია, განსაკუთრებით ჩემი, ხაბეს, ირაკლი ნადირაძისა და სხვა ლიდერების ციხეში ყოფნის პირობებში. ჩვენი და საქართველოს გამარჯვება გარდაუვალია“, – წერს სააკაშვილი.

კომენტარები

დატოვე კომენტარი