კატარღების, იახტების, ჰიდროციკლების და სხვა ძრავიანი მცურავი საშუალებების რეგისტრაცია და მართვის სერტიფიკატის ფლობა სავალდებულო ხდება

პირველი ივლისიდან ტბებზე, მდინარეებსა და წყალსაცავებზე კატარღების, იახტების, ჰიდროციკლების და სხვა ძრავიანი მცურავი საშუალებების რეგისტრაცია და მართვის სერტიფიკატის ფლობა სავალდებულო ხდება. ინფორმაციას საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ავრცელებს.

მათივე განმარტებით, რეგისტრაციას დაექვემდებარება კანონმდებლობით განსაზღვრული ყველა სახის მცურავი საშუალება (კატარღები, იახტები, მოტონავები, ჰიდროციკლები, კატამარანები, სამგზავრო პლატფორმები და სხვა).

ახალი რეგულაციები არ გავრცელდება კაიაკებზე, პირადი დანიშნულებით გამოყენებულ მცურავ საშუალებებზე. ასევე, რეგისტრაციას არ დაექვემდებარება 3 მეტრზე ნაკლები სიგრძის, ძრავის არმქონე მცურავი საშუალებები.

სააგენტო განმარტავს, რომ ამავდროულად, შიდა სახმელეთო წყლებში ძრავიანი მცურავი საშუალების სამართავად აუცილებელი გახდება მართვის სერტიფიკატის ფლობა. სერტიფიკატი 5 წლის ვადით გაიცემა 18 წელს მიღწეულ, ქმედუნარიან პირზე, რომელიც გადამზადების პროგრამას სააგენტოს მიერ აღიარებულ საზღვაო-საწვრთნელ დაწესებულებაში წარმატებით გაივლის.

„2026 წლის 1-ელი ივლისიდან ტბებზე, მდინარეებსა და წყალსაცავებზე კატარღების, იახტების, ჰიდროციკლების და სხვა ძრავიანი მცურავი საშუალებების რეგისტრაცია და მართვის სერტიფიკატის ფლობა სავალდებულო ხდება, რისი მიზანიც შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობის უსაფრთხოების სტანდარტებისა და მგზავრთა უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ასევე შემთხვევების პრევენციაა.

2020-2026 წლებში საქართველოს მდინარეებზე, ტბებსა და წყალსაცავებზე სხვადასხვა მცურავი საშუალების მონაწილეობით 80 ინციდენტი მოხდა. შიდა სახმელეთო წყლებში მცურავი საშუალებების რეგისტრაციისა და მართვის სერტიფიკატის შემოღება ამ ტიპის ტრანსპორტით გადაადგილებას გაცილებით უსაფრთხოს გახდის.

საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ დადგენილი რეგულაციები გავრცელდება ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირზე, რომლებიც საქართველოს შიდა სახმელეთო წლებში ახორციელებენ ნაოსნობას, ან მგზავრთა გადაყვანას.

შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობაში ჩართული მცურავი საშუალებების რეგისტრაციის პროცესს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო უზრუნველყოფს.

რეგისტრაციამდე მცურავმა საშუალებამ ტექნიკური ინსპექტირება სააგენტოს მიერ აღიარებულ ზედამხედველობის განმახორციელებელ ორგანიზაციაში უნდა გაიაროს.

რეგისტრაციას დაექვემდებარება კანონმდებლობით განსაზღვრული ყველა სახის მცურავი საშუალება (კატარღები, იახტები, მოტონავები, ჰიდროციკლები, კატამარანები, სამგზავრო პლატფორმები და სხვა).

ამავდროულად, შიდა სახმელეთო წყლებში ძრავიანი მცურავი საშუალების სამართავად აუცილებელი გახდება მართვის სერტიფიკატის ფლობა. სერტიფიკატი 5 წლის ვადით გაიცემა 18 წელს მიღწეულ, ქმედუნარიან პირზე, რომელიც გადამზადების პროგრამას სააგენტოს მიერ აღიარებულ საზღვაო-საწვრთნელ დაწესებულებაში წარმატებით გაივლის. ამ ეტაპზე აღნიშნული პროგრამა მხოლოდ სსიპ ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის საზღვაო-საწვრთნელ ცენტრს აქვს აღიარებული.

აღსანიშნავია, რომ 2025 წლის 1-ელი აპრილიდან აღნიშნული ტრანსპორტის მფლობელებისთვის მოქმედებს გარდამავალი პერიოდი, რომლის ფარგლებშიც საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო პერიოდულად ახორციელებს საინფორმაციო კამპანიებს. ამ დროისთვის შიდა სახმელეთო წყლების გემების რეესტრში უკვე დარეგისტრირებულია 16 ერთეული მცურავი საშუალება, ხოლო შესაბამისი მართვის სერტიფიკატი 38-მა ფიზიკურმა პირმა აიღო.

ახალი რეგულაციები არ გავრცელდება კაიაკებზე, პირადი დანიშნულებით გამოყენებულ მცურავ საშუალებებზე. ასევე, რეგისტრაციას არ დაექვემდებარება 3 მეტრზე ნაკლები სიგრძის, ძრავის არმქონე მცურავი საშუალებები.

აღსანიშნავია, რომ ნებაყოფლობითი რეგისტრაციის პერიოდის დასრულების შემდეგ, 2026 წლის 1-ელი ივლისიდან კანონის დარღვევა გამოიწვევს შესაბამის ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობასა და დაჯარიმებას,“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი