სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, შიო მესამემ სენაკის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის საკათედრო ტაძარში იქადაგა.
მისივე თქმით, „მარხვის პერიოდში წმინდა ეკლესია მოგვიწოდებს, პატივი მივაგოთ ამ დიდ მოღვაწეს, უდიდეს წმინდანს, შევისმინოთ მისი მოწოდებებისა და ქადაგების“.
„დღეს არის ამ შესანიშნავი ტაძრის დღესასწაული, რომელიც ნაკურთხია წმინდა იოანე ნათლისმცემლის შობის სახელზე. დღეს ვიხსენებთ ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ ტაძრის მშენებლობაში. ეს ტაძარი განსაკუთრებულია სენაკელებისთვის, რადგან ძალიან დიდი ნაწილი ჩვენი ხალხის, მრევლისა მონაწილეობდა ამ ტაძრის მშენებლობაში. განსაკუთრებით საყვარელია ეს ტაძარი სენაკელებისთვის. მინდა, განსაკუთრებით გავიხსენო მღვდელმონაზონი ამბაკონი, რომელიც იყო მოთავე ტაძრის მშენებლობის, მთავარი ორგანიზატორი და რომელიც შემდეგ იკურთხა მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობა გრიგოლის მიერ. ყველას მადლობა ამ შესანიშნავი ტაძრის აგებისთვის.
მინდა, განსაკუთრებული სიყვარული გამოვთქვა სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიისადმი. ვმადლობ უფალს, რომ მომიწია ამ ძვირფას ეპარქიაში მსახურება და მომზადება თურმე, როგორც ყოფილა ღვთის ნება, კათოლიკოს-პატრიარქის საპატრიარქო მსახურებისთვის. მადლობა უნდა ვუთხრა ღმერთს, რომ აქ მომიწია მსახურება, ვინაიდან ძალიან ბევრი რამ ვისწავლე ამ ეპარქიაში. ვისწავლე თქვენთან ურთიერთობით და იმ დიდი წმინდანების მოხსენიებით, მათ ცხოვრებაზე მუშაობით, შესწავლით, რომლებიც იღწოდნენ ამ წმინდა ეპარქიაში. ალბათ ვეცადე, შეძლებისდაგვარად მესწავლა მთავარი რამ, ეს არის ეშხი, სიყვარული, დიდი სილამაზე და კულტურა სამეგრელოსი, რისი ცოდნის გარეშეც შეუძლებელია, დღეს შეიცნო ქართული სული, ჩვენი კულტურა და ალბათ – იყო კათოლიკოს-პატრიარქი საქართველოსიც. ვმადლობ უფალს, რომ ეს ყველაფერი მომცა და თქვენთან ერთად მამსახურა ამდენი წელი. კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს, ღმერთმა დაგლოცოთ, გაგაძლიეროთ, გაგახაროთ, შეგეწიოთ წმინდა იოანე ნათლისმცემელი. მისი ლოცვით, უფალი შეგვეწიოს სინანულის სწავლაში და ჩვენს ქრისტიანულ ცხოვრებაში. წმინდა იოანე ნათლისმცემლის ლოცვით, ღმერთმა დალოცოს სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქია, ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო, ყოველი თქვენგანი. ღმერთმა გაამთლიანოს და გააძლიეროს, გადაარჩინოს ჩვენი ქვეყანა“, – განაცხადა შიო მესამემ.

