პოლონეთი საქართველოდან სამუშაოდ ჩასული მოქალაქეებისთვის სავიზო წესებს ამკაცრებს

პოლონეთმა საქართველოდან, კოლუმბიიდან და ვენესუელიდან სამუშაოდ ჩასული მოქალაქეებისთვის ქვეყანაში შესვლის წესები გაამკაცრა.

რეგულაცია 15 აგვისტოს შევიდა ძალაში და კონკრეტულად პოლონეთში დასაქმების მიზნით შესულ პირებზე ვრცელდება.

აღნიშნული სამი ქვეყნის მოქალაქეებს პოლონეთში უვიზოდ ჩასვლა კვლავ შეუძლიათ ტურისტული და სხვა დაშვებული მოკლევადიანი ვიზიტებისთვის.

იმ პირებისთვის კი, რომლებიც პოლონეთში სამუშაოდ 15 აგვისტომდე შევიდნენ, კვლავ ძველი წესები მოქმედებს.

პოლონეთის მთავრობაში განმარტავენ, რომ აღნიშნული სამი ქვეყნის მოქალაქეები უვიზო მიმოსვლის რეჟიმს სისტემატურად იყენებენ კანონიერი მოთხოვნების დაკმაყოფილების გარეშე დასაქმებისთვის.

ოფიციალური პირების განცხადებით, ახალი რეგულაციების შემოღების მიზეზებს შორისაა უკანონო დასაქმება და ქვეყანაში დარჩენა, ჩრდილოვანი ეკონომიკის ზრდა, დასაქმებულთა ექსპლუატაცია და ადამიანებით ვაჭრობა. მათ ასევე აღნიშნეს, რომ ეს სამი ქვეყანა მიგრაციის მაღალი რისკის მქონე ქვეყნებად მიიჩნევა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი