ზუგდიდის სოფელ ყულიშკარში, საცხოვრებელ სახლში სამი ადამიანის ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილები დები არიან. გარდაცვლილთაცხედრები ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.
გარდაცვალების ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა ერთ-ერთ ვერსიად საკვებით ინტოქსიკაცია სახელდება.
სოფელ ყულიშკარის გამგებლის ლაშა შველიძის ინფორმაციით, გარდაცვლილი დები მარტო ცხოვრობდნენ და ისინი დაახლოებით 4-5 დღე არ გამოჩენილან. „გარდაცვლილია 3 პიროვნება. რით არიან გარდაცვლილი, ამას ექსპერტიზა დაადგენს. დები იყვნენ. მარტო ცხოვრობდნენ…. დაახლოებით 4-5 დღე არ გამოჩენილან, მეზობელმა ჭიშკართან სუნი იგრძნო“, – განუცხადა ლაშა შველიძემ “ტვპირველს”.
რაც შეეხება გარდაცვალების ერთ-ერთ ვერსიად საკვებით ინტოქსიკაციის დასახელებას, გამგებელმა განმარტა, რომ ექსპერტიზას წაღებული აქვს საჭმლის, წყლის ნიმუშიც და დაადგენს გარდაცვალების ზუსტ მიზეზს.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო.

