ადვოკატმა, ნათია თამაზაშვილმა ყოფილი პრემიერის მიმართ პროკურატურის ახალ ბრალდებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ბრალს არ აღიარებს და ბრალის დადგენილებაზე ხელი არ მოუწერია.
„ვერ გეტყვით, ვის ინტერესებში შედის, ეს ლოგიკას არ ექვემდებარება, ჩემი პირადი შეფასებით შემიძლია გითხრათ, რომ არალოგიკურია მიმდინარე პროცესები, არარსებულ ბრალზეა საერთოდ საუბარი. ეს არის სრულად პოლიტიკური პროცესი და პოლიტიკურად დევნილია ირაკლი ღარიბაშვილი დღეს. ჩემი შეფასებით ირაკლი არის პოლიტიკური პატიმარი, [შეიცვალა] მთელი ის მიმდინარე მოვლენები, რაც ირაკლიმ გამოქვეყნებულ რამდენიმე განცხადებაში აღნიშნა. ამის გარდა, რა შეიძლება ითქვას, რაც საჯაროდ და ხელმისაწვდომი იყო ყველასთვის, სადაც აშკარად იყო გამოკვეთილი ის წინაპირობები, რამაც აქამდე მოგვიყვანა. ჩვენთვის ბუნებრივია, ცნობილი არ იყო, რაზე იყო საუბარი, მაგრამ იმ წერილში მითითებული შინაარსი, რაც ჩვენთვის გახდა ცნობილი და რაზეც ირაკლი საუბრობდა, დღეს დაადასტურა ხელისუფლებამ. ბუნებრივია, ირაკლი იტყვის თავის სათქმელს. ეს პროცესი, დღეს სადაც ვართ, პირადად ჩემთვის წარმოუდგენელი იყო. ცალსახად შემიძლია გითხრათ, რომ არანაირ ქრთამზე არ არის საუბარი, არც აღიარა, ხელიც არ მოაწერა ირაკლი ღარიბაშვილმა ამ ბრალდებას და ბუნებრივია, მიმდინარე პერიოდის განმავლობაში ყველაფერი გაირკვევა“, – განაცხადა ნათია თამაზაშვილმა „ტვ პირველს“.
ცნობისთვის, საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ, პატიმრობაში მყოფ ირაკლი ღარიბაშვილს ახალი ბრალი წარუდგინეს. შესაბამისი განცხადება გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გაკეთდა. როგორც გენერალური პროკურორის მოადგილე ამირან გულუაშვილმა განაცხადა, საქმე ეხება კორუფციულ დანაშაულს, კერძოდ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის აღებას.
პროკურატურის ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტროსთვის საჭირო სამედიცინო აპარატურისა და ინვენტარის შეძენის ფარგლებში, უშუალოდ ირაკლი ღარიბაშვილმა რთამის სახით ხელზე 750 000 ლარი აიღო, საერთო ჯამში კი, სახელმწიფოს 6 985 255 ლარის ქონებრივი ზიანი და არსებითად დაირღვა საჯარო ინტერესი.
პროკურატურამ ღარიბაშვილს ბრალდება წარუდგინა საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, ,,გ“ ქვეპუნქტებითა და მესამე ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ, ჯგუფურად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

