ქვეყნის მასშტაბით 1 000 კმ-მდე საავტომობილო გზის მშენებლობა მოხდება

ამ წუთებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი ქვეყნის სივრცითი მოწყობის პროექტის პრეზენტაციას მართავს, რომელიც მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმის ყველაზე მასშტაბური კომპონენტია.

პრემიერის განცხადებით, სივრცითი მოწყობის პროექტის განხორციელება ქვეყანაში ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ინვესტიციების და განვითარებისთვის სტაბილურ გარემოს შექმნას შეუწყობს ხელს.

პროექტის თანახმად, მთელი საქართველოს მასშტაბით დაპროექტდება და დაიგება რეგიონების დამაკავშირებელი სატრანსპორტო ქსელი. მთლიანობაში, 2020 წლის ჩათვლით დაგეგმილია 1 000 კმ-მდე საავტომობილო გზის მშენებლობა-რეკონსტრუქცია, რომლის სავარაუდო ღირებულება დაახლოებით 3,5 მილიარდ დოლარს შეადგენს.

მათ შორის, იგეგმება 550 კმ ავტომაგისტრალის მშენებლობა, ასევე, 800 კმ-მდე გზის რეაბილიტაცია. ასევე, იგეგმება 300-მდე სახიდე გადასასვლელის და 50 საავტომობილო გვირაბის მშენებლობა. სივრცითი მოწყობა ასევე ითვალისწინებს რკინიგზის სადგურების, პორტებისა და აეროპორტების აშენებას და რეაბილიტაციას.
პროექტი, ასევე, ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის, სასოფლო-სამეურნეო მიწების, მაღალმთიანი რეგიონების, დაცული ტერიტორიებისა და სხვა სეგმენტების განვითარებას.

კომენტარები

დატოვე კომენტარი