ჯანმო-ს აღმასრულებელ საბჭოს წევრად დავით სერგეენკო აირჩიეს

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ევროპის რეგიონიდან ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრად აირჩიეს. მინისტრი კოპენჰაგენში, ჯანმო-ს ევროპის რეგიონალური კომიტეტის 66-ე სესიას დაესწრო, სადაც სიტყვით გამოვიდა და საქართველოში ჯანდაცვის სისტემის შესახებ ისაუბრა.

დავით სერგეენკომ საქართველოში მოქალაქეთა საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამა მიმოიხილა და ყურადღება პროექტის განხორციელებისთვის ხელშემწყობ ფაქტორებზე გაამახვილა. „ჯანდაცვა არ არის ვინმეს პრივილეგია, ეს არის ყველას უფლება. საყოველთაო ჯანდაცვის განხორციელება ჩემი ქვეყნისთვის გახდა რეალობა, რადგან საქართველოს მთავრობამ ჯანმრთელობის დაცვა ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად გამოაცხადა. ბოლო სამი წლის განმავლობაში, ბიუჯეტი 150%-ით გაიზარდა, რაც შთამბეჭდავი მატებაა, თუმცა ის მაინც არის 50%-ზე დაბალი მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში, რაც ევროპულ ქვეყნებთან შედარებით, 2-ჯერ ნაკლებია. ასეთი შეზღუდული ბიუჯეტით, ჩვენ შევძელით, შევბმოდით ისეთ ამბიციურ პროექტს, როგორიც არის საყოველთაო ჯანდაცვა და მინდა, მადლობა გადავუხადო ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ოფისს, რომ მოგვცა საშუალება, განგვეხორციელებინა ასეთი ამბიციური პროექტი,“ – აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.

მოხსენებაში ჯანდაცვის მინისტრმა C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის განხორციელებაზე გაამახვილა ყურადღება, აუდიტორიას პროგრამის მიმდინარეობის შედეგები გააცნო და ამ მიმართულებით სხვა ქვეყნებისთვის დახმარებაზე გამოთქვა მზაობა. „ჩვენ ვამაყობთ, რომ შარშან საქართველომ განახორციელა უკიდურესად ამბიციური პროექტი – C ჰეპატიტის ელიმინაცია. წელიწადზე ცოტა მეტია, რაც ეს პროექტი ამოქმედდა და მასში 15.000-ზე მეტი ადამიანია ჩართული, ხოლო 10.000 პაციენტზე მეტი უკვე განიკურნა ამ დაავადებისგან. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ შევძლებთ სხვა ქვეყნებისთვის გამოცდილების გაზიარებას C ჰეპატიტის ელიმინაციასთან დაკავშირებით,“ – აღნიშნა სერგეენკომ და ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ოფისს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი