პარტიის “პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის“ მესტიის რაიონულმა ორგანიზაციამ ფუნქცონირება შეწყვიტა.
ამის შესახებ “Newsportal.ge”-ს პარტიის მესტიის ორგანიზაციის უკვე ყოფილმა აღმასრულებელმა მდივანმა ნოდარ საბანიძემ განუცხადა.
„პაატა ბურჭულაძის პარტია დავტოვეთ ერთაერთი მიზეზით, ბატონი პაატას დიდი ნდობიდან და ავტორიტეტიდან ფაქტიურად არაფერი დარჩა, სამწუხაროდ, ის გარიგებაში შევიდა იმ ხალხთან, ვინც ჩვენთვის მიუღებელია. ჩვენ გვეგონა, რომ ის იქნებოდა სუფთა ფიგურა პოლიტიკაში, მაგრამ მისი ბოლოდროინდელი განცხადებები და ქმედებები ჩვენთვის მიუღებელია, ამიტომაც საარჩევნო შტაბის წევრებმა, პარტიის წევრებმა, ადგილობრივმა ხელმძღვანელებმა და კოორდინატორებმა მივიღეთ ერთობლივი გადაწყვეტილება, რომ დავტოვოთ ეს მოძრაობა. ბურჭულაძის პარტია მესტიაში აღარ არსებობს“, – განაცხადა “Newsportal.ge”-სთან საუბარში ნოდარ საბანიძემ.
მისივე თქმით, „სახელმწიფო ხალხისთვის“ სულ 60-მა წევრმა დატოვა.
საბანიძის განცხადებით, პაატა ბურჭულაძის პარტიიდან წამოსულები არც ერთ პარტიაში გადასვლას არ გეგმავენ.
„ჩვენ არ ვგეგმავთ არცერთ პარტიაში გადასვლას, რაც შეხება თქვენს კითხვას ზეწოლაზე, ზეწოლა არასდროს არ გვქონია ვინმეს მხრიდან. უბრალოდ ის რასაც ბურჭულაძე სჩადის, ჩვენთვის მიუღებელია და გადაწყვეტილებაც აქედან გამომდინარე მივიღეთ. ამ გადაწყვეტილების შესახებ „სახელმწიფო ხალხისთვის“ პარტიაში არაფერი იციან და პირველად თქვენგან გაიგებენ“, – განაცხადა ნოდარ საბანიძემ.
პაატა ბურჭულაძის პარტიის მესტიის წარმომადგენლობის დაშლას ადასტურებს პარტიის ადგილობრივი ოფისის უკვე ყოფილი თავმჯდომარე ლამზირა გურჩიანიც.
შეგახსენებთ, რომ “პაატა ბურჭულაძის მოძრაობა – სახელმწიფო ხალხისთვის” “გირჩთან”, “მემარჯვენეებთან” და გიორგი ვაშაძის პარტიასთან გაერთიანების შემდეგ პარტიის სხვა წევრებმა და ლიდერებმაც დატოვეს.