ყოფილმა პოლიტპატიმარმა „ენმ“-ის ზუგდიდის ოფისთან პარტიის საწინააღმდეგო პლაკატები გააკრა [Video]


პოლიტპატიმარი გიორგი გოგლიჩიძე დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ოფისთან მივიდა, სადაც წინა ხელისუფლების საწინააღმდეგო პლაკატები გააკრა და საზოგადოებას მოუწოდა, 8 ოქტომბერს არ მისცენ ხმა „ნაციონალურ მოძრაობას“.

გოგლიჩიძის თქმით, ის სააკაშვილის რეჟიმის მსხვერპლია და სწორედ წინა ხელისუფლებამ დააკავა 2011 წელს უკანონოდ, მოგვიანებით კი წამებისა და ორგანიზმში სხვადასხვა ინექციების შეყვანის შედეგად ეტლს მიეჯაჭვა.

„მინდა მოვუწოდო ზუგდიდს და ზუგდიდელებს, ასევე მთელს საქართველოს, რომ 8 ოქტომბერი არის ნაციონალური მოძრაობისთვის განაჩენის გამოტანის დღე. სამწუხაროდ სუბიექტური, თუ ობიექტური მიზეზების გამო ვერ მოხდა, იმ რეჟიმის გასამართლება. შანსი აქვს საქართველოს მოსახლეობას, რომ 8 ოქტომბერს ნაციონალურ მოძრაობას  გამოუტანოს განაჩენი და უთხრას – არა ძალადობას, არა ნაციონალურ მოძრაობას!“ – განაცხადა გოგლიჩიძემ მედიასთან.

ოპოზიციურ პარტიაში აცხადებენ, რომ გოგლიჩიძის ქმედებები ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა „ქართულ ოცნებასთან“ ერთად დაგეგმა და მმართველი გუნდი ოპონენტებს ბინძური მეთოდებით ებრძვის. „ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარის ლასა დამენიას განცხადებით, მმართველი პარტია გაჭირვებული ადამიანებით მანიპულირებს:

„ალბათ ყველას დაებადება შეკითხვა ეს ადამიანი ამ განცხადების გასაკეთებლად ზესტაფონიდან, რატომ ჩამოვიდა ზუგდიდში, იქვე შეეძლო გაეკეთებინა, როგორც ვიცი ზესტაფონელია. თუ სამართლებრივი თემა აქვს, ალბათ სასამართლოს უნდა მიმართოს და იქ უნდა გაარკვიოს. ის რასაც დღეს ბიძინა ივანიშვილი, ქართულ ოცნებასთან ერთად აკეთებს არის იგივე, იმ ჭორებით, იმ სხვადასხვა მექანიზმებით უნდათ გადაფარონ ის თემები, რომ საქართველოში ყველაფერი არის დაპაუზებული, საქართველოში ეკონომიკური სტაგნაციაა, მოსახლეობა არ აძლევს ქართულ ოცნებას ხმას და ნაციონალური მოძრაობა აუცილებლად მოიგებს ამ არჩევნებს“, აცხადებს ლაშა დამენია.

გიორგი გოგლიჩიძემ 22 სექტემბერს ზესტაფონში განაცხადა, რომ „ მზად ვარ, ჩავიდე ყველა რეგიონში და ჩემი ეტლით ვაჩვენო ხალხს ნაციონალური მოძრაობის სახე“.

კომენტარები

დატოვე კომენტარი