“ნაც.მოძრაობა” დიდინეძის ინციდენტის პროვოცირებაში “ქართულ ოცნებას” ადანაშაულებს

“ნაციონალური მოძრაობის” წევრ თენგის გუნავას ინფორმაციით, სოფელ დიდინეძში მომხდარი დაპირისპირების პროვოცირება “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ფრთის წევრებმა მოახდინეს.

“ძალიან ცუდია რაც მოხდა. წინასაარჩევნო პერიოდია და მართალია, იწევს ტემპერატურა, მაგრამ ყველამ თავი უნდა შევიკაოთ მსგავსი მოქმედებებისგან. მე როგორც მაქვს ინფორმაცია, სოფელ დიდინეძში ჩვენი შტაბის ხელმძღვანელი პაპუნა კუკავა გადაადგილდებოდა თავისი მანქანით სახლის მიმართულებით რა დროსაც „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები სააგიტაციო მასალებით მოძრაობდნენ. როგორც მე ვიცი, პაპუნამ მანქანა ვერ გაატარა, თხოვა მათ, რომ გაეტარებინათ. იქედან უხეში შეპასუხება მიიღო, უთხრეს ვინ ხარო, ბუნებრივია, ამან უთხრა აქაური მცხოვრები ვარ, აგერ 50 მეტრში ვცხოვრობო. შემდეგ იყო შეხლაშემოხლა, უწმაწური სიტყვებით მიმართეს პაპუნა კუკავას, რაზეც საპასუხო მიიღეს. შემდეგ გადმოვიდნენ მეზობლები და ამ დროს მოხდა შეხლაშემოხლა. ეს ძალიან სამწუხაროა… გოგონას რა მოუვიდა ამას გამოძიება დაადგენს ობიექტურად. არ უნდა გადაკეტო გზა და უნდა გაატარო ადამიანი, რომელიც თავის სახლში მიემართება… პოლიციაში გადმოყვანილია პაპუნა კუკავა, მანუჩარ ქირია, მეზობელი, რომელიც არის დაზიანებული და რომელსაც სავარაუდოდ, გადაიყვანენ ექსპერტიზაზე. ძალიან ცუდია, რომ „ქართული ოცნება“ ამ პროვოკაციაზე მიდის. თუ ეს ასე ხდება”, – განუცხადა ჟურნალისტებს ზუგდიდის პოლიციის სამმართველოსთან გუნავამ.

მოგვიანებით სამმართველოსთან დაშავებული ლიკა დემეტრაძის დედა მაკა კოდუა მივიდა, რომელმაც შესთავაზა თენგიზ გუნავას, ადგილზე ენახა მისი შვილის მდგომარეობა. თენგიზ გუნავა მაკა კოდუას საავადმყოფოში გაჰყვა, რის შემდეგაც მცირე კომენტარი გააკეთა.

“პალატაშია გადაყვანილი, ექიმმა გვითხრა, რომ სტაბილური მდგომარეობაა და მთავარია, კარგად იყოს, რაც ყველასთვის მნიშვნელოვანია. მსგავსი ფაქტები არ უნდა ხდებოდეს. ჩვენი მხრიდან ყველანაირად მივაქცევთ ყურადღებას, რომ მსგავსი აღარ განმეორდეს. დანარჩენი გამოძიების პრეროგატივაა და იმედია, ობიექტურად გამოიძიებენ ყველაფერს”, – აღნიშნა მან.

კომენტარები

დატოვე კომენტარი