კრწანისის ბაზაზე დაღუპული გიგა შენგელიას ოჯახს სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის არ სჯერა

„კრწანისის“ ეროვნულ საწვრთნელ ბაზასთან მომხდარი შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი გიორგი შენგელიას ოჯახის წევრებს თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის არ სჯერათ. გარდაცვლილის მამა საქმის სწორად გამოძიებას და ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარებას ითხოვს.

„ჩემი მთავარი მოთხოვნაა სწორად გამოიძიონ საქმე. ჩემს შვილს იარაღი არასდროს ჰქონია, არც ყაჩაღი ყოფილა და არც ნასამართლევია. ალბათ, გამოძიება ყველაფერს გაარკვევს. ჩემი მეორე შვილი არ იყო მასთან ერთად ბაზაზე, ეს ტყუილია. გამოვრიცხავ იმ საღამოს მის ძმასთან ყოფილიყო. ჩემი მთავარი მოთხოვნაა ალტერნატიული ექსპერტიზა ჩატარდეს. ალბათ გაარკვევენ მასზე რატომ გამოაცხადეს ძებნა. იმ ვერსიის, რომელიც თავდაცვის სამინისტრომ დადო, არ გვჯერა. სროლა თუ იყო და კაცი თუ მოკლეს, რატო არ მოძებნეს? განგაში ხომ ატყდა? რატომ მაშინვე არ მივიდნენ ? სისხლისგან რომ დაიცალა ბიჭი მერე რომ ნახეს, მაინტერესებს სათვათვალო კამერებმა არაფერი გადაიღო? ვითხოვ სათვალთავლო კამერების ჩანაწერსაც, ადვოკატსაც ავიყვან და ვნახოთ რა იქნება“, – განაცხადა გარდაცლილის მამამ რომან შენგელიამ.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ცენტრ ”კრწანისის” ტერიტორიაზე უცხო პირების შეჭრის მცდელობას ჰქონდა ადგილი. ისინი არ დაემორჩილნენ განწესში მყოფი გუშაგის სიტყვიერ გაფრთხილებას და თავს დაესხნენ მას, რის შემდეგაც გუშაგმა წესდებით გათვალისწინებული მოქმედებები განახორციელა და ცენტრის ტერიტორიაზე შეჭრის ფაქტი აღკვეთა. თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცენტრის მიმდებარე ტერიტორიის დათვალიერებისას, ერთ-ერთი თავდამსხმელის ცხედარი აღმოაჩინეს.

საქმეს მთავარი პროკურატურის ზედამხედველობით, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი იძიებს. გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლის I ნაწილით მიმდინარეობს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი