მიხეილ სააკაშვილს შესაძლოა უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვან

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი, მიხეილ სააკაშვილი არ გამორიცხავს, რომ პრეზიდენტმა პოროშენკომ შესაძლოა მას უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვას. ამის შესახებ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს და იქვე დასძენს, რომ უკრაინის კანონმდებლობისა და საერთაშორისო სამართლის მიხედვით აღნიშნული შეუძლებელია, რადგან მისივე განცხადებით, უკრაინის კანონმდებლობა კრძალავს მოქალაქეობის ჩამორთმევას იმ ადამიანზე ვისაც პარალელურად სხვა ქვეყნის მოქალაქეობა არ გააჩნია.

„ჩემმა კარგად ინფორმირებულმა წყარომ შემატყობინა, რომ პრეზიდენტმა პოროშენკომ დაავალა იგორ კონონენკოს და მის თანამზრახველ გრანოვსკის, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციის კორუფციულ პირამიდაში სასამართლო საქმეების არაფორმალური კურატორია, მოამზადონ ჩემთვის სასამართლოს გადაწყვეტილებით მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხი. საერთაშორისო სამართალი და უკრაინის კანონმდებლობა კრძალავს მოქალაქეობის ჩამორთმევას უკრაინის მოქალაქეებისთვის, თუ მათ სხვა ქვეყნის მოქალაქეობა არ გააჩნიათ. ძალიან სამწუხაროა, რომ პრეზიდენტი არა მხოლოდ სარგებლობს ამ თაღლითების მომსახურებით, არამედ ყურსაც უგდებს მათ რჩევებს“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

კომენტარები

დატოვე კომენტარი