შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის სოხუმში დღეს დაგეგმილ ვიზიტს რუსეთის მხრიდან „მორიგ ღია პროვოკაციულ ნაბიჯად“ აფასებს.
„რუსეთის უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლების, მათ შორის, საგარეო საქმეთა მინისტრის მხრიდან ეს არ არის პირველი ვიზიტი სოხუმში. ეს არის კიდევ ერთი, ღია პროვოკაციული ნაბიჯი. იმედს ვიტოვებ, რომ აფხაზური საზოგადოება გააცნობიერებს, რეალურად რა ვითარებაში იმყოფება დღეს რეგიონი, რას ნიშნავს ამგვარი ვიზიტები და რუსეთის ექსკლუზიური გავლენა რეგიონზე, რომ საქმე გვაქვს ოკუპაციასთან და დე ფაქტო ანექსიის მცდელობასთან, როდესაც საზოგადოების ცხოვრების ყველა სფეროზე რუსეთს ექსკლუზიური გავლენა აქვს. ვფიქრობ, ეს ვიზიტიც სწორედ ამ ჭრილში შეიძლება იყოს განხილული“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
ქეთევან ციხელაშვილმა საქართველოს ხელისუფლების მიდგომასა და საერთაშორისო თანამეგობრობის შეფასებაზეც ისაუბრა.
„დარწმუნებული ვარ, საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან შეფასება მხოლოდ ერთი პოზიციიდან გამომდინარე იქნება, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. რაც შეეხება საქართველოს პოზიციას, ჩვენ წლების განმავლობაში ვცდილობთ, დეოკუაპციასთან ერთად დეესკალაციის პოლიტიკაც გავატაროთ. ჩვენი გზავნილი რუსეთისა და დანარჩენი მსოფლიოს მიმართ არის გზავნილი, რომ საქართველო არ არის დაინტერესებული დაპირისპირებაში, რეგიონში უსაფრთხოების ერთ-ერთი მთავარი აქტორია და ერთადერთი, რასაც ჩვენ ვითხოვთ და ეს არის წითელი ხაზი – ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის პატივისცემაა“, – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის ვიზიტი ოკუპირებულ აფხაზეთში 18-19 აპრილს იგეგმება.
ამავე თემაზე: ლავროვი დღეს ოკუპირებულ აფხაზეთს ეწვევა