ენგურის ხიდზე დაკავებული დარეჯან როგავა ცოტა ხნის წინ ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში გადაიყვანეს. პროცესი ცოტა ხანში დაიწყება.
როგავას პოლიცია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავება, რომლებიც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.
შეგახსენებთ, რომ დარეჯან როგავა ენგურის ხიდთან გამართულ აქციაზე დააკავეს. 5 აპრილს საოკუპაციო ხაზთან დაკავებული მამა-შვილის არჩილ და პაატა როგავების ოჯახის წევრები მათი გათავისუფლების მოთხოვნით შეიკრიბნენ და ცოცხალი ჯაჭვის მეშვეობით გზის გადაკეტვას ცდილობდნენ, რისი უფლებაც სამართალდამცველებმა არ მიოსცეს და აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შელაპარაკება მოხდა. სწორედ ამას მოჰყვა აქციის ერთ-ერთი მონაწილის დარეჯან როგავას დაკავება.