ოზურგეთის შემდეგ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა და მათმა მხარდამჭერებმა ვენოკი ქალაქ ზუგდიდის საკრებულოსთან მიიტანეს, სწორედ ამ ფორმით გააპროტესტეს დღეს მათ თვითმმართველი ქალაქ ზუგდიდის და ზუგდიდის რაიონის შესაძლო შერწყმა
აქციის მონაწილეები აპირებენ დაესწრონ საკრებულოს სხდომას, რომელზეც სწორედ აღნიშნული სამთავრობო ინიციატივის მხარდაჭერის საკითხი განიხილება და რომელიც, მათივე ინფორმაციით, დღეს გაიმართება.
„ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ შემოფანტული ავტორიტეტი, აბსოლუტურად ქარს გატანებული ხალხის ნდობა დაიბრუნოს ივანიშვილის ხელში სოლოლაკის სასახლიდან ძალაუფლების სრული კონცენტრაციით და ამ გზით მოახდინოს ხელისუფლების სრული ცენტრალიზაცია. მივმართავ გიორგი კვირიკაშვილს: ძმაო გიორგი, ჩემი თაობის კაცო, მოგმართავ, იმ უფლებას, რომელსაც შენ თბილისში იყენებ, რომ მიიღო სრულფასოვანი მონაწილეობა თბილისის თვითმმართველობის განხორციელებაში, როგორც მოქალაქემ, შენს ოჯახთან ერთად, გიორგი, ძმაო, ამ ფულებას, როგორც მთავრობის თავმჯდომარე, რატომ ართმევ ზუგდიდელებს, თელაველებს და იმ ქალაქების მაცხოვრებლებს, რომლებსაც თქვენ თითონ შესთავაზეთ 4 წლის წინ თვითმმართველი ქალაქის სტატუსი? არ გაგივათ ეს ყველაფერი. თქვენი ხელისუფლებაში დარჩენის ამბიციები არ გაიცვლება ამ ქალაქში მცხოვრებლების უფლებაზე, მიიღონ სრული მონაწილება თვითმმართველობის განხორციელებაში“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილე თენგიზ ჯგუშიამ.
ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს წინ დღეს კიდევ ერთი აქცია იგეგმება, სადაც მოქალაქეები და არასამთავრობო ორგანიზაციები აპირებენ მისვლას. აქცია სოციალური ქსელით დაიგეგმა.