მედპერსონალი ჩხოროწყუს სამშობიარო სახლისთვის საქმიანობის უფლების შეჩერებას აპროტესტებს

ჩხოროწყუს სამშობიარო სახლს ჯანდაცვის სამინისტროს ფუნქციონირების ლიცენზია დროებით შეუჩერა. უმუშევრად დარჩენილმა 40-ზე მეტმა სამედიცინო პერსონალმა რაიონის გამგეობასთან დღეს აქცია გამართა და ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებას დახმარების თხოვნით მიმართა.

„სამინისტრომ ჩაატარა მონიტორინგი და დროებით შეგვიჩერა ლიცენზია. ჩვენი სამშობიარო სახლი სტანდარტებს არ აკმაყოფილებს, რადგან შენობა სარემონტოა. კერძო ინვესტორი, შენობის რემონტით არაა დაინტერესებული, რადგან მისთვის წამგებიანი ამ დაწესებულების ფუნქციონირება. ადგილობრივ მთავრობას ვთხოვეთ დახმარება, თუმცა გვეუბნებიან, რომ კერძო საკუთრებაში არსებული შენობის გარემონტება არ შეუძლიათ. ამ ყველაფრით ადგილობრივი მოსახლეობა ზარალდება. გვქონდა გუშინ შემთხვევა, როცა ორსულს სენაკის გზაზე დაეწყო მშობიარობა და მოაბრუნეს, არ გვქონდა უფლება, მაგრამ მივიღეთ, აღმოვუჩინეთ პირველადი დახმარება და ზუგდიდის საავადმყოფოში გავწერეთ. მსგავსი შემთხვევები რომ ავიცილოთ თავიდან, რაიონს აუცილებლად სჭირდება ეს სამშობიარო. ამასთან, 45-მდე ადამიანი უმუშევარი ვრჩებით“, – აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე ნონა კრილოვა.

მისივე თქმით, თუ პრობლემა არ მოგვარდება, აქციები გაგრძელდება და მათ ორსული ქალებიც შეუერთდებიან.

ჩხოროწყუს გამგებლის მოადგილე ვალერი თოდუა კი მოუწოდებს ჯანდაცვის სამინისტროს, ჩაეთოს პრობლემის მოგვარების პროცესში, რათა ჩხოროწყუში მცხოვრებ ორსულ ქალებს არ შეექმნათ პრობლემები.

კომენტარები

დატოვე კომენტარი