იანვარ-ივლისში საქართველოში 30%-ით მეტი ტურისტი შემოვიდა, ვიდრე გასული წლის იმავე პერიოდში

შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე 2017 წლის ივლისისა და იანვარი-ივლისის პერიოდში გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს.

უწყების ინფორმაციით, 2017 წლის ივლისის თვე 982 487 ვიზიტით განისაზღვრა, რაც 2016 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე 28,5 %-ით მეტია.

რაც შეეხება იანვარ-ივლისის ინტერვალს, ქვეყანაში უკვე 3 978 657 ვიზიტი განხორციელდა, რაც 16,8%-ით მეტია 2016 წლის ანალოგიური საანგარიშო პერიოდის მაჩვენებელზე, ხოლო ტურისტული ვიზიტი 1 829 331-ით განისაზღვრა, რაც 2016 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე 30,2%- ით მეტია.

ამასთან, შემოღებული პირობითი დაყოფის მიხედვით, 2017 წლის ივლისის თვეში ხვედრითი წილის ურთიერთმიმართება შემდეგია:

ა) ტურისტი – 519 349 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 52,9%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 32,9%);

ბ) ტრანზიტი – 231 484 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 23,5%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 53,7%);

გ) სხვა – 231 654 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 23,6%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 3,7%).

“2017 წლის ივლისშიც ყველაზე მეტი ვიზიტი კვლავ რუსეთიდან (+60,4%), სომხეთიდან (+25,4%), აზერბაიჯანიდან (+13,8%), თურქეთიდან (0,6%), უკრაინიდან (+16,3%) და ირანიდან (+85,8%) განხორციელდა. ასევე, პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ-ივლისშიც გამოირჩნენ ნიდერლანდები, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, პოლონეთი, ლიტვა და საბერძნეთი (შესაბამისად 38%, 32%, 29%, 26%, 20%, 16% და 16%), ახლო აღმოსავლეთიდან – ისრაელი (43%), შუა აზიის ქვეყნებიდან – ყაზახეთი (19%), უზბეკეთი (13,8%). აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან – ბელორუსია (32%). აქვე აღსანიშნავია ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეების 29%-იანი ზრდა”, – აცხადებენ შსს-ში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი