კორცხელის ინციდენტზე მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართა

კორცხლში, 53-ე საარჩევნო უბანზე 2016 წლის 22 მაისს მომხდარი დაპირისპირების თაობაზე ზუგდიდის რაიონულ სასამართლოშ მორიგი პროცესი გაიმართა, რომელზეც ბრალდების მხარის მოწმეები დაკითხეს.

დაკითხულთა შორის იყო ინტერნეტ-გამოცემა “Livepress.ge”-ის ჟურნალისტი თამარ ზანთარაია, რომელმაც 22 მაისის ინციდენტი დეტალურად გაიხსენა.

“დილიდან საარჩევნო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა, თუმცა მოგვიანებით საარჩევნო უბანთან შევნიშნეთ “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები, რომლებიც თბილისიდან ჩამოვიდნენ. ვიკითხეთ, რას უკავშირდებოდა მობილიზება. ირმა ნადირაშვილმა გვითხრა, რომ ხელისუფლება გეგმავდა პროვოკაციას, რა მიზნითაც ზუგდიდში სპორტსმენები ჰყავდა ჩამოყვანილი. მოგვიანებით, სპორტულ ტანსაცმელში ჩაცმული ათლეტური აღნაგობის ახალგაზრდები შევნიშნეთ, რომელთაც ჰკითხეს, რა მიზნით იყვნენ ჩამოსულები. მათგან სხვადასხვა პასუხები მივიღეთ, რაც ნადირაშვილის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას არ უკავშირდებოდა. სპორტსმენები დროდადრო გადიოდნენ მიმდებარე ტერიტორიიდან და ისევ ბრუნდებოდნენ. მოგვიანებით, უბნის ეზოს შესასვლელთან მოვიდა ნიკა მელია და მისი მოსვლიდან რამდენიმე წუთში დაიწყო ხელჩართული ჩხუბი, რომელიც რამდენიმე ლოკაციაზე გაგრძელდა. ჩხუბის დროს სპორტსმენების აგრესია კონკრეტულად მიმართული იყო “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებზე, მათ შორის: გიგა ბოკერიაზე, ნიკა მელიაზე, თენგიზ გუნავაზე, ლაშა დამენიაზე”, – აღნიშნა ზანთარაიამ.

დღესვე სასამართლომ ზუგდიდის რაიონის საკრებულოს თავმჯდომარე მაიზერ ნანავა დაკითხა.

მორიგი სასამართლო პროცესი კორცხელის ინციდენტზე 2 ოქტომბერს გაიმართება.

კომენტარები

დატოვე კომენტარი