გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში, სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ენგურის ხიდზე, ქართულ მედიას, სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, კახაბერ ქემოკლიძემ განუცხადა, რომ შეხვედრაზე ძირითადი თემა ისევ გიგა ოთხოზორიას საქმეს შეეხებოიდა. მისი თქმით, ასევე განიხილეს ადგილობრივების თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვა და მხარეებს შორის სხვა მნიშვნელოვანი პრობლემური საკითხები.
“შეხვედრაზე ჩვენი მხრიდან კვლავაც დაეთმო ყურადღება გიგა ოთხოზორიას საქმეს. მოგეხსენებათ, დე ფაქტო ხელისუფლების მხრიდან ამ საქმეს ლოგიკური გაგრძელება არ მოყოლია. მშვიდობიანი საქართველოს მოქალაქის მკვლელობაში მსჯავრდებული პირი კანჯი ოღლი კვლავაც არ არის დაკავებული. ჩვენ მონაწილეებს ისევ შევახსენეთ დღეს, რომ საჭიროა ამ საქმის ლოგიკურ ჭრილში გადაყვანა. ე. წ. ხურჩა-შამგონას სეგმენტზე დაფიქსირდა ხის ბოძები. მოგეხსენებათ, მიმდინარე წლის 9-11 აგვისტოს, ამ ხის ბოძებზე რუსეთის საოკუპაციო ძალების მხრიდან, დამონტაჟდა ე. წ მავთულხლართები და შეიზღუდა ადგილობრივი მოსახლეობის არა მარტო თავისუფალი გადაადგილება, არამედ მათი სასოფლო სამეურნეო სავარგულებზე წვდომა”, – განაცხადა ქემოკლიძემ.