კახა მიქაია: “მმართველი გუნდის ზუგდიდის მერობის კანდიდატი დღემდე ენმ-ის წევრია”

საზოგადოებრივი მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი კახა მიქაია ამტკიცებს, რომ „ქართული ოცნების“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი ლაშა გოგია დღემდე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრია.

მიქაიამ დღეს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე ჟურნალისტებს “ნაციონალური მოძრაობის მიერ ლაშა გოგიაზე გაცემული შესაბამისი მანდატი წარუდგინა.

“ამ მანდატს ვადა გასული აქვს, თუმცა დაზუსტებით ვიცი, რომ ლაშა გოგიას აქვს ახალი მანდატი. ის დღემდე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელია. მარჯვენა გულის ჯიბეში „ქართული ოცნების“ მანდატი, გულთან ახლოს, მარცხენა გულის ჯიბეში კი „ნაციონალური მოძრაობის“ მანდატი აქვს. მე მინდა მას მივმართო, ბატონო ლაშა, კარგად შეინახეთ ვინმემ არ მოგპაროთ“, – განაცხადა კახა მიქაიამ.

„დაიცავი საქართველოს“ ლიდერმა მმართველი გუნდის სხვა წარმომადგენლების სია და “ნაციონალური მოძრაობის” მიერ მათზე გაცემული მანდატებიც გამოაქვეყნა, რომლებიც მისივე თქმით, აღნიშნულ პარტიაში 2013 წელს გაწევრიანდნენ. სია ასე გამოიყურება:

1.ჯანაშია ირაკლი – ჭითაწყარის მაჟორიტარობის კანდიდატი “ქართული ოცნებიდან”; 2. ებრალიძე პაატა – ჯიხაშკარის მაჟორიტარობის კანდიდატი “ქართული ოცნებიდან”; 3.ფაჟავა ზურაბ – ახალსოფლის გამგებელი; 4.შელია რევაზ – ახალკახათის გამგებელი; 5.პერტაია ვალერი – ორულის გამგებელი; 6.ნინუა ბადრი – ურთის გამგებელი; 7.ჩახაია კობა – კახათის გამგებელი.

კომენტარები

დატოვე კომენტარი