ზუგდიდის საარჩევნო შტაბის უფროსი: “მიქაიას მიერ წარმოდგენილი ლაშა გოგიას “ნაც.მოძრაობის” მანდატი ყალბია”

მმართველი გუნდის ზუგდიდის საარჩევნო შტაბის უფროსი დავით კოდუა საზოგადოებრივი მოძრაობა “დაიცავი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის კახა მიქაიას დღევანდელი ბრიფინგის თემას ეხმაურება და აცხადებს, რომ “ქართული ოცნების” ზუგდიდის მერობის კანდიდატის ლაშა გოგიას შესახებ მიქაიას მიერ გაკეთებული განცხადება ტყუილია, წარმოდგენილი დოკუმენტაცია კი ყალბი.

“მიქაიას დღევანდელი ქმედება მეტყველებს იმაზე, რომ “ნაციონალური მოძრაობა” მიქაიას ხელით კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმას, თუ რამდენად ცუდი და ავი ორგანიზაციაა წარმოდგენილი დღეს ქართულ პოლიტიკურ ორბიტაზე. ის არის ორგანიზაცია, რომელსაც ჰყავს თავისი სატელიტები კახა მიქაიას სახით და სწორედ ამ ადამიანების ხელით ავლენს თავის ასეთ უმსგავსობებს. ძალიან მარტივად შეიძლება დღეს ნებისმიერი მსგავსი დოკუმენტის ტექნიკური დამონტაჟება. 21-ე საუკუნეში ამის პრობლემა არ არსებობს. მე მინდა წარმოგიდგინოთ ის გაუთვალისწინებლობა, რაც მათ გამოავლინეს – დააკვირდით, მანდატის ფოტოზე ჩანს ლაშა გოგიას დღევანდელი ფოტო და ამ მოწმობაზე არ არის აღნიშნული შტრიხკოდი, რაც მარტივად მეტყველებს იმაზე, რომ ეს დოკუმენტი გაყალბებუბლია. ამავე დროს გიჩვენებთ 2006-2008 წლების ფოტოს, თუ როგორ გამოიყურებოდა ლაშა გოგია. შესაბამისად, ეს ყველაფერი არის სიცრუე და თამაში, რომელსაც თამაშობდა ყოველთვის კახა მიქაია და ყოველთვის ასხამდა ის “ნაციონალური მოძრაობის წისქვილზე წყალს. “ქართულ ოცნება-დემოკრატიულ საქართველოს” დღეს ჰყავს ზუგდიდის მერობის ღირსეული კანდიდატი, რომელიც ჩვენი ქალაქის მოსახლეობას მოემსახურება და მოვუწოდებ საზოგადოებას, ნუ შევლენ შეცდომაში, მსგავსი ქმედებები მომავალშიც იქნება, მაგრამ საზოგადოება უკვე შეეჩვია მათ “ბლეფ-აქციებს” და არავინ არ აპირებს უკვე, ამაზე წამოეგოს”, – განაცხადა დავით კოდუამ.

შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივი მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი კახა მიქაია ამტკიცებს, რომ „ქართული ოცნების“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი ლაშა გოგია დღემდე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრია. მიქაიამ დღეს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე ჟურნალისტებს “ნაციონალური მოძრაობის მიერ ლაშა გოგიაზე გაცემული შესაბამისი მანდატი წარუდგინა. მისი თქმით, აღნიშნულ მანდატს ვადა გასული აქვს, თუმცა დაზუსტებით იცის, რომ გოგიას აქვს ახალი მანდატი. „დაიცავი საქართველოს“ ლიდერმა მმართველი გუნდის სხვა წარმომადგენლების სია და “ნაციონალური მოძრაობის” მიერ მათზე 2013 წელს გაცემული მანდატებიც გამოაქვეყნა, რომლებიც მისივე თქმით, აღნიშნულ პარტიაში 2013 წელს გაწევრიანდნენ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი