“ანაკლია სითი“ ავსტრიაში კერძო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

ავსტრიაში ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისა და ქალაქ ანაკლიის პროექტების თემაზე ბიზნესფორუმი გაიმართა, რომელსაც 25-მდე მსხვილი ავსტრიული  ბიზნესკომპანია ესწრებოდა.

ბიზნეს ფორუმი ავსტრიის სავაჭრო პალატის ორგანიზებით და ავსტრიაში საქართველოს საელჩოს დახმარებით შედგა.  „ანაკლია სითის“ წარმომადგენლებმა ღრმაწყოლვანი პორტისა და ქალაქ ანაკლიის პროექტები კერძო სექტორს გააცნეს, ასევე გამართეს ორმხრივი შეხვედრები კომპანიების წარმომადგენლებთან.

სხვადასხვა კომპანიასთან ერთად, „ანაკლია სითის“ გუნდმა მოლაპარაკებები გამართა მსხვილი სატრანსპორტო და ლოგისტიკური კომპანიის,  „გებრიუდერ ვაისის“ (Gebrüder Weiss)  წარმომადგენლებთანაც; შეთანხმების შედეგად, უახლოეს მომავალში „ანაკლია სითი“ და „გებრიუდერ ვაისი“  წინარე ხელშეკრულებას გააფორმებენ.

„ანაკლია სითი“ განაგრძობს საერთაშორისო ლოგისტიკურ და სატრანსპორტო ორგანიზაციებისთვის ღრმაწყლოვანი პორტისა და ქალაქ ანაკლიის პროექტის  გაცნობას და მათთან პარტნიორობას. კომპანიამ უკვე გააფორმა წინარე ხელშეკრულებები კორეის ინჩეონის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონასთან და მსხვილ კორეულ ლოგისტიკურ კომპანია „პანტოს ლოგისტიკთან“, რომლის წარმომადგენლებიც ქვეყნის, ანაკლიის პორტისა და ქალაქ ანაკლიის პროექტების შესასწავლად უკვე საქართველოს სტუმრობდნენ.

 

კომენტარები

დატოვე კომენტარი