სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით, ცხენის და ვირის ხორცის რეალიზაციის 12 შემთხვევა გამოავლინდა.
სააგენტოს ცნობით, შემოწმების შედეგად ერთ პროდუქტში ვირის ხორცის შემცველობა, ხოლო თერთმეტში ცხენის ხორცის შემცველობა აღმოაჩინეს.
“სურსათის ეროვნული სააგენტო ხორცის სახეობრივ კვლევას 2017 წლის მარტიდან ატარებს. საზოგადოებრივი კვების და სარეალიზაციო ობიექტებიდან აღებულია მზა კერძების და სხვა სახის სურსათის 90 ნიმუში, რომლებიც აკრედიტებულ ლაბორატორიაში შემოწმებულია ცხენის და ვირის ხორცის იდენტიფიცირებაზე. კვლევის შედეგად გამოვლინდა 12 დარღვევა, კერძოდ, სურსათის ეტიკეტზე მითითებული იყო საქონლის ან ღორის ხორცი და შემადგენლობაში აღმოჩნდა ცხენის, ხოლო ერთ შემთხვევაში – ვირის ხორცი. გამოვლენილი დარღვევების გამო ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ. მათ საეჭვოდ მიჩნეული სურსათის ბაზრიდან გამოთხოვა დაევალათ”, – აცხადებენ სააგენტოში.
გთავაზობთ იმ ობიექტების ჩამონათვალს, სადაც ცხენისა და ვირის ხორცი აღმოჩნდა:
თბილისი:
შპს,,ნავთლუღის სავაჭრო შემსყიდველი საწარმო – საქონლის ხორცის ბასტურმა;
შპს,,ელფუდი” – ხინკალი “რაჭა“ (ნახევარფაბრიკატი);
ი/მ ოთარი ხარშილაძე – კატლეტი;
შპს,,იმედი2012″ – გაყინული ქაბაბი (ნახევარფაბრიკატი);
შპს,,გაუშა” – გაყინული გუფთა;
შპს,,კავკასიაN1 “ – საქონლის ხორცის ,,ბასტურმა”;
შპს,,მეგა” ნახევარფაბრიკატების საწარმო – გაყინული ქაბაბი (ნახევარფაბრიკატი);
მწარმოებელი ი.მ,,თ. ნიაზაშვილი” – გაყინული ხინკალი (ნახევარფაბრიკატი);
რეგიონები:
ი/მ იზოლდა ევგენიძე” კაფე -ბარი ,,ჩვენებურები” (ბათუმი) – კატლეტის ფარში (ნახევარფაბრიკატი);
ი/მ ,,ბაკური” (ბათუმი) – ფარში;
შპს ,,მაკრატელა“ (ქარელი) – საქონლის ხორცის ,,ოსტრი” (მზა პროდუქტი);
ვირის ხორცი აღმოჩნდა ი/მ,,შალვა არჩვაძის წარმოებულ ოსტრში (მზა პროდუქტი).
ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ცხენის ან ვირის ხორცის რეალიზაციის შემთხვევაში, აუცილებელია კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვა.
“პირუტყვი უნდა იყოს იდენტიფიცირებული, ჩატარებული ჰქონდეს შესაბამისი ვეტერინარული ღონისძიებები (ვაქცინაცია და ა.შ) და უნდა დაიკლას სასაკლაოზე. სავალდებულოა ხორცი იყოს ეტიკეტირებული და მითითებული იყოს ხორცის სახეობა”, – აცხადებენ სააგენტოში.