პანკისის სპეცოპერაციის დროს დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილი გარდაიცვალა

პანკისის სპეცოპერაციისას დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილი საავადმყოფოში გარდაიცვალა. ცხედარი სამხარაულის ექსპერტისის ბიუროშია გადასვენებულია. ექსპერტიზის შემდეგ გარდაცვლილს საკუთარ სახლში გადაასვენებენ.

სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში თემირლან მაჩალიკაშვილის ახლობლები, მისი ოჯახის წევრები და იურისტი, მარიამ კუბლაშვილი იმყოფება.

” დღეს, სამ საათზე უნდა განგვეხორციელებინა ტრანსპორტირება და ოჯახის წევრებს ასეთი ეჭვი გაუჩნდათ, რომ სწორედ ამის გამო ხომ არ მოხდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება. პაციენტი, მიუხედავად იმისა, რომ დაკავებული არ იყო, დაცვის თანამშრომლები პირდაპირ თავთან ადგნენ. გვაქვს ამის მასალები. ექიმები ძალ-ღონეს არ იშურებდნენ, ეს ადამიანები კი თავზე ედგნენ, შედიოდნენ, გამოდიოდნენ. ისინი სავარაუდოდ სუს-ის თანამშრომლები არიან, გავშიფრავთ ამასაც. დაცვა იყო არაოფიციალურად, რადგან დაკავებული არ იყო და თუ დაკავებული არ იყო, რატომ ედგნენ?” – განაცხადა ჟურნალისტებთან მარიამ კუბლაშვილმა.

19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს, სუს-ის მიერ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას თავის არეში დაიჭრა. იგი ამ დრომდე წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიან კლინიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი