საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეტ რუდმა, USAID-ის, „ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის“ და „მშვიდობის კორპუსის“ წარმომადგენლებთან ერთად ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა. ამერიკული ორგანიზაციების წარმომადგენლებს ანაკლიაში “ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებლებმა მამუკა ხაზარაძემ და კურტ კონტიმ უმასპინძლეს.
ვიზიტის მიზანი ორი ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ეკონომიკური პარტნიორობის პროექტის სამშენებლო სამუშაოების მონახულება და მხარეებს შორის ღრმაწყლოვანი პორტის, ქალაქ ანაკლიისა და სპეციალური ეკონომიკური ზონის მიმართულებით სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხების განხილვა იყო.
„ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტს და სპეციალური განვითარების ზონას აქვს დიდი მნიშვნელობა და დიდი პოტენციალი, არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთლიანი რეგიონის განვითარებისთვის. ჩვენ ვამაყობთ რომ ორი დიდი ამერიკული კომპანიაა ჩართული ამ პროექტში – SSA Marine-ი და „კონტი ჯგუფი“. ამერიკის მთავრობის სააგენტოების ფართო ჩართულობა პროექტში აჩვენებს მნიშვნელობას, რაც აქვს ამ პროექტს ამერიკისთვის. „ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტო“, „მშვიდობის კორპუსი“ და „ათასწლეულის გამოწვის კორპორაცია“ ჩართულნი არიან ანაკლიის განვითარებაში“ – განაცხადა საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეტ რუდმა.
“მოხარული ვართ, რომ ამ სტრატეგიულ პროექტში ვმონაწილეობთ, რომელიც მნიშვენელოვან ეკონომიკურ გავლენას იქონიებს როგროც საქართველოს, ისე მთელი რეგიონისთვის. პროექტი არის ასევე კარგი მაგალითი ამერიკულ-ქართული კოოპერაციის და ვიმედოვნებთ, რომ სხვა ამერიკული კომპანიებისთვის ის პრეცედენტი იქნება. მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ინვესტორებს ბიზნეს-მეგობრულ გარემოს და საინტერესო შესაძლებლობებს სთავაზობს“,- განაცხადა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ თანადამფუძნებელმა, კონტი ჯგუფის ხელმძღვანელმა კურტ კონტიმ.
„ანაკლიის პორტი რეგიონული და საერთაშორისო მნიშვნელობის პროექტია, შესაბამისად, ჩვენ მივესალმებით როგორც დასავლეთის, ისე აზიის ქვეყნებიდან პროექტის მიმართ ინტერესს და პარტნიორობას. მოხარული ვართ რომ ისეთი ამერიკულ პარტნიორებთან ვმუშაობთ, როგორებიც არიან „კონტი ჯგუფი“ და SSA Marine-ი. მინდა ასევე მადლობა გადავუხადო აშშ-ის საელჩოს საქართველოში მათი მხარდაჭერისთვის პროექტისადმი. ანაკლიის პორტი არის გარდამტეხი პროექტი საქართველოსთვის, რომლის დასრულების შემდეგ საქართველო შეძლებს გაიმყაროს როლი, როგორც საერთაშორისო სატრანზიტო ჰაბმა. პორტის მიმდებარედ ჩვენ ასევე ვავითარებთ ქალაქს, რომელიც შექმნის უამრავ ეკონომიკურ შესაძლებლობას, სამუშო ადგილებს და საერთაშორისო ბიზნესპლატფორმას“, – „განაცხადა ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა.
ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური საქართველოში განხორციელებულ ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ამერიკულ ინვესტიციას წარმოადგენს, რომელშიც ორი მსხივლი ამერიკული კორპორაცია მონაწილეობს. ამერიკული „კონტი ჯგუფი“ ქართულ „თიბისი ჰოლდინგთან“ ერთად „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელია. 2017 წელს კი ანაკლიის პორტს მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ტერმინალ-ოპერატორი, ამერიკული SSA Marine-ი შემოუერთდა. SSA Marine-ი ანაკლიის პორტის ტერმინალის ოპერატორი და ინვესტორია.SSA Marine-სა და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ შორის ხელმოწერა 2017 წელს საქართველოში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პენსის ვიზიტის ფარგლებში გაიმართა, რომელმაც ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ამერიკისა და საქართველოს ეკონომიკური პარტნიორობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწილად დაასახელა.
ამ ეტაპზე ანაკლიაში ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პირველი ფაზის სახმელეთო სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც 2017 წლის 22 დეკემბერს დაიაწყო. 2018 წლის ზაფხულში პორტის ტერიტორიის დაღრმავება და რეკლამაცია დაიწყება. ნავსადგურის მშენებლობის პირველი ფაზის დასრულება და პორტის ოპერირების დაწყება 2020 წლის ბოლოსთვის იგეგმება.
აქტიურად მიმდინარეობს ქალაქ ანაკლიისა და ეკონომიკური ზონის განვითარებაზე მუშაობაც, რომლის ქალაქგეგმარებითი კომპანია წამყვანმა ბრიტანულმა კომპანიამ (BuroHappold Engineering) 2018 წლის მეორე ნახევარში უნდა წარმოადგინოს. „ანაკლია სითიმ“ თანამშრომლობა და პარტნიორობა დაიწყო მსოფლიოს წამყვან ეკონომიკურ ზონებთან, ლოგისტიკურ და გადამზიდავ კომპანიებთან.