ბიძინა ივანიშვილი “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო”-ს თავმჯდომარე გახდება

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი თანახმაა, პარტია „ქართულ ოცნება – დემოკრატიულ საქართველო”-ს თავმჯდომარე გახდეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმა და პარტიის ამჟამინდელმა ლიდერმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. კვირიკაშვილის თქმით, მან გუნდის და პირადად მისი სახელით სთხოვა ყოფილ პრემიერს, „ქართულ ოცნებაში“ დაბრუნებულიყო.

„პირადად, ჩემი და მთელი გუნდის სახელით შევთავაზე და ვთხოვე ჩვენი პარტიის დამფუძნებელს, რომ სათავეში ჩაუდგეს პარტიას. მოხარული ვარ, რომ ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა თანხმობა განაცხადა“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

პარტიის ლიდერის განცხადებით, უახლოეს დღეებში გაიმართება პოლიტსაბჭოს ყრილობა. კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილის “ოცნებაში” დაბრუნება  პოზიტიურად აისახება პოლიტიკურ ცხოვრებაზე.

„უახლოეს დღეებში გაიმართება პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა, რის შემდეგაც გაიმართება ყრილობა. დარწმუნებული ვარ, რომ როგორც პოლიტსაბჭო, ისე საქართველოდან წარმოდგენილი დელეგატები, ერთხმად აირჩევენ ბიძინა ივანიშვილს ახალ თავმჯდომარედ და შესაბამისად არჩეული იქნება პოლიტიკური საბჭოს განახლებული შემადგენლობაც. დარწმუნებული ვარ, ეს გადაწყვეტილება პოზიტიურად აისახება ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაზე, ეს იქნება ახალი იმპულსი ჩვენი გუნდისთვის და პირადად ჩემთვის, როგორც ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრისთვის“, – აღნიშნა კვირიკაშვილმა.

2012 წელს,  ბიძინა ივანიშვილმა კოალიცია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” ჩამოაყალიბა. 2012 წლის 1 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებში, კოალიციამ გამარჯვება მოიპოვა. 2012 წლის 25 ოქტომბერს პარლამენტმა დაამტკიცა ახალი მთავრობა ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით. 2013 წელს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ივანიშვილმა დატოვა პრემიერ-მინისტრის პოსტი. 

 

 

 

კომენტარები

დატოვე კომენტარი