„ANAKLIA ECHOWAVES“ ფესტივალის ლაინაფის დადასტურებულ არტისტებს შორის არიან: Solomun, Juan Atkins, Dzijan Emin & GPO, Francesco Tristano & Guti live და სხვა.
ორგანიზატორების განცხადებით, მოლაპარაკებები ასევე მიმდინარეობს მსოფლიო მნიშვნელობის მქონე სხვა ლაივ-შემსრულებლებთან და დიჯეებთან, რომლებიც ფესტივალის სახელს უფრო სოლიდურს და მიმზიდველს გახდიან. ანაკლიის საფესტივალო ტერიტორიაზე გაიხსნება ხუთი სცენა, სადაც მსოფლიო დონის 80 შემსრულებელი წარსდგება მსმენელის წინაშე.
Check in Georgia 2018-ის ფარგლებში ანაკლიაში 23-26 აგვისტოს ახალი ფესტივალი „ANAKLIA ECHOWAVES“ გაიმართება. 4 დღიანი ფესტივალის მიზანი რეგიონის კულტურულ განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა და ტურისტულად მიმზიდველი პროექტის შექმნაა. მუსიკის გარდა, ფესტივალი მოიცავს სპორტულ გამაჯანსაღებელ აქტივობებს, სხვადასხვა ტიპის სახელოვნებო თუ კულტურულ ღონისძიებებს, სოციალურ და საგანმანათლებლო პროექტებს.
ფესტივალი ევროპაში ერთ-ერთ საუკეთესო და პოპულარულ ფესტივალ „EXIT”-ის ქოლგის ქვეშ ჩატარდება. “EXIT”-ის ფესტივალი 2014 წლის „ევროპის საუკეთესო მთავარ ფესტივალად“ იქნა დასახელებული ევროპის ფესტივალების დაჯილოების მიერ. ფესტივალი, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მიერ აღიარებულია როგორც დადებითი მუხტი ტურიზმის ინდუსტრიაში.
ფესტივალის ჯამური ბიუჯეტი 6 162 360 ლარს შეადგენს, აქედან ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ მოხდება ” ANAKLIA ECHOWAVES“-ს 4 160 000 ლარით დაფინანსება. 2 002 360 ლარს თავად ღონისძიების განმახორციელებელი გაიღებს.