ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 12 ნოემბერს გაიმართება

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 12 ნოემბერს გაიმართება. არჩევნების მეორე ტურის თარიღი ცესკო-ს დღევანდელი სხდომის მიმდინარეობისას გახდა ცნობილი.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიას განცხადებით, მეორე ტური 1 თვითმმართველ ქალაქში – ქუთაისში და 5 თვითმმართველ თემში – მარტვილში, ბორჯომში, ოზურგეთში, ხაშურსა და ყაზბეგში გაიმართება. აღნიშნულ ქალაქებში მერობის ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ გადალახა 50%-იანი ზღვარი, რის გამოც არჩევნების მეორე ტურის დანიშვნა გახდა საჭირო.

შეგახსენებთ, რომ მარტვილში – მეორე ტურში მონაწილეობას მიიღებენ „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ალექსანდრე გრიგალავა და „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატი მამუკა დანელია. პირველ ტურში ალექსანდრე გრიგალავამ ხმების 49,76% მიიღო, ხოლო მამუკა დანელიამ – 35,81%.

თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი