სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილ გუბერნატორ ლევან შონიას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების სახით 5000 ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა.
როგორც.ცნობილია საქმე ეხება კანონით აკრძლული საჩუქრის მიღების ფაქტს, რაზეც შონიას ადვოკატი განმარტავს, რომ ყოფილმა გუბერნატორმა 10 000 აშშ დოლარი ნამდვილად მიიღო, თუმცა ის ქველმოქმედებისთვის, კერძოდ კი ონკოლოგიური დაავადების მქონე პირისთვის იყო განკუთვნილი, რისი დეკლარირებაც მოხდება.
შონიას სასამართლოს შენობა უკომენტაროდ დატოვა.
მის საქმეზე წინასასამართლო.სხდომა 2019 წლის თებერვალში გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ სუს-ის ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ 2018 წლის მაისში, სამეგრელო-ზემო სვანეთის იმჟამინდელი გუბერნატორის ლევან შონიას თხოვნით, მის მიერ მითითებული პიროვნების – გ.ა-ს სახელზე, მისთვის გადასაცემად მოქალაქე ზ.კ-მ 10 000 აშშ დოლარი ჩარიცხა, რაც ლევან შონიას გადაეცა. აღნიშნული ფაქტი დადასტურებულია საქმეში არსებული რიგი მტკიცებულებებით: მოწმეთა ჩვენებებით, საბანკო ამონაწერის დათვალიერებით, ზ.კ-ს ტელეფონიდან გამოთხოვილი ინფორმაციით, საჯარო სამსახურის ბიუროს და ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს წერილებით.
ლევან შონიას მიმართ გამოძიება კანონით აკრძალული საჩუქრის მიღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 340-ე მუხლით).
გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო.