საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ქვეყანაში პრორუსი და ჰომოფობიურად განწყობილი ჯგუფების გააქტიურებას ეხმაურება და წერს, რომ ევროინტეგრაციის ამ მნიშვნელოვან ეტაპზე წარმოუდგენელია მათი ქმედებები იყოს სპონტანური და არამართული.
“ქვეყანა, რომლის მოსახლეობის 80%-ზე მეტი ევროკავშირში გაწევრიანებისა და ევროპული გზის მომხრეა, წარმოუდგენელია და ლოგიკას არ ექვემდებარება იმ პრორუსული, ძალადობრივი, ჰომოფობიურად განწყობილი და ანტიევროპული ჯგუფების გააქტიურებები ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს მომენტებში იყოს სპონტანური და არამართული.
ეს ქვეყნის ევროპული გზის დასაზიანებლად მიზანმიმართული ქმედებებია, რომელიც არ გამოხატავს ქართველი ხალხის აზრსა და თანხვედრაში არაა მის ევროპულ არჩევანთან.
ეს არის გეგმა, რათა მსგავსი პროვოკაციებით, საქართველოს ხელი შეეშალოს ევროინტეგრაციის გზაზე, წარმოჩინდეს, როგორც ანტიდასვლური და ანტიევროპული სახელმწიფო.
სხვა რას უნდა ემსახურებოდეს ასე გეგმიურად და ერთმანეთის მიყოლებით ძალადობა ქუჩაში, ძალადობა პოლიტიკოსებზე, ძალადობა ქალ პოლიტიკოსზე, თავდასხმა ელჩებზე და ევროპულ პრინციპებზე, მოწოდებები ევროპული სიმბოლოს შეურაცხყოფაზე?
ყოვლად მიუღებელია მსგავსი ქმედებები და დასაგმობია, რაც აზიანებს ქვეყნის ევროპულ მომავალს”,- წერს სალომე ზურაბიშვილი.