უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ქალაქში ვითარება უცვლელი და კვლავ მძიმეა. ზელენსკი პარტნიორებისგან კვლავ ითხოვს იარაღის მიწოდებას, რომლითაც უკრაინა ომის დასრულებას შეძლებს.
“ვითარება მარიუპოლში უცვლელად მძიმედ რჩება. რუსული არმია ჰუმანიტარული დერეფნების მოწყობისა და ჩვენი ხალხის გადასარჩენად ყველანაირ ძალისხმევას ბლოკავს. რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე აქამდე გაყვანილი მარიუპოლის მინიმუმ ათიათასობით მცხოვრებლის ბედი უცნობია. გაცვლის შეთავაზებაზე, რამაც შეიძლება მარიუპოლის მშვიდობიანი მოსახლეობა და დამცველები გადაარჩინოს, სამწუხაროდ, რუსეთისგან პასუხი არ გვესმის.
ამ ომით, მსოფლიო ისტორიაში რუსული არმია სამუდამოდ ჩაიწერება, როგორც ყველაზე ბარბაროსული, არაადამიანური არმია მსოფლიოში. მშვიდობიანი მოსახლეობის მიზანმიმართული მკვლელობა, საცხოვრებელი უბნების, სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურება, ამისთვის ყველა სახის იარაღის გამოყენება, მათ შორის, საერთაშორისო კონვენციით აკრძალული, ეს არის რუსული არმიის ხელწერა.
ჩვენ რომ გვქონდეს წვდომა ყველა იმ იარაღზე, რომელიც ჩვენ გვჭირდება, რომელიც ჩვენ პარტნიორებს აქვთ და რომელიც შეედრება რუსეთის ფედერაციის მიერ გამოყენებულ იარაღს, ამ ომს უკვე დავასრულებდით. ჩვენ უკვე მშვიდობას აღვადგენდით და ოკუპანტებისგან ჩვენს ტერიტორიებს გავათავისუფლებდით. უსამართლოა, რომ უკრაინა კვლავ იძულებულია მოითხოვოს ის, რასაც მისი პარტნიორები სადღაც წლების განმავლობაში ინახავენ. თუ მათ აქვთ იარაღი, რომელიც უკრაინას აქ, ახლა სჭირდება, თუ აქვთ საბრძოლო მასალა, რომელიც ჩვენ გვჭირდება აქ და ახლა, მათი მორალური მოვალეობაა, პირველ რიგში, თავისუფლების დაცვას დაეხმარონ,” – აცხადებს ზელენსკი.